“ნაცმოძრაობის” აქციაზე დაკავებულ 9 პირს ჯარიმები დაეკისრათ, 2 კი გამართლდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს შენობასთან დაკავებული წევრების მიმართ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადვოკატ გიორგი ჟამუტაშვილის ინფორმაციით, 11 პირიდან 2 სრულად გამართლდა; 4 პიროვნება გამტყუნდა როგორც წვრილმანი ხულიგნობის (166-ე მუხლი), ისე პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის (173-ე მუხლი) მუხლით, რომელთაგან სამს დაეკისრა ჯარიმა – 400 ლარის, ერთს კი – 800 ლარის ოდენობით; დანარჩენი 5 პირი მხოლოდ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლში გაამტყუნეს და 300-300 ლარიანი სახდელი დააკისრეს.

ადვოკატის თქმით, განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება, ვინაიდან ბრალდების მხარეს ბრალდებულთა მიმართ დასაბუთებული მტკიცებულები არ წარუდგენია. მისივე განცხადებით, არალოგიკურია, როცა 5 პირს ხულიგნობის ბრალდება მოუხსნეს, 173-ე მუხლში კი გაამტყუნეს მაშინ, როცა ორივე მუხლი “ერთმანეთზე იყო მიბმული”.

“პოლიციელმა აღნიშნა, რომ პირი ილანძღებოდა და იგინებოდა, ის კი მივიდა და დამორჩილება სთხოვა. მოსამართლემ აღნიშნა, რომ კანონდარღვევა არ ყოფილა, თუმცა პოლიციას არ დაემორჩილნენო. კანონში წერია, რომ პირი პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას უნდა დაემორჩილოს. თუ წვრილმანი ხულიგნობა არ დადასტურდა[და ასეც მოხდა], გამოდის, რომ პოლიციელს უკანონო მოთხოვნა ჰქონია. ასე რომ, მოსამართლეს ორივე მუხლით უნდა გაემართლებინა ეს პირები”, – აღნიშნა გიორგი ჟამუტაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები 10 ოქტომბერს თბილისის საკრებულოსთან  დააკავეს. ისინი აქციას მართავდნენ დახურული სხდომის პარალელურად, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთის თავისუფლების მოედანსა და თაბორის მთაზე არსებული მიწების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს. დაკავებულებს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და წვრილმანი ხულიგნობა ედებოდათ ბრალად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან