ახალი ამბები

ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვაზე ორმა ქალმა აქცია გამართა

9 ნოემბერი, 2017 • 4016
ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვაზე ორმა ქალმა აქცია გამართა

დღეს, 9 ნოემბერს, ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვაზე მთაწმინდის პანთეონში ინცინდენტი მოხდა.

მწერლის დაკრძალვაზე ორმა ქალმა აქცია გამართა. კულტურის პალატის ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილი განცხადებით, ერთ-ერთმა ქალმა გაშალა პლაკატი, რომელზეც ეწერა: “ნუ გადააქცევთ მთაწმინდის პანთეონს ნომენკლატურად, გადაასვენეთ კეკე [სტალინის დედა] და გრიბოედოვი”.

ოქიტაშვილის განცხადებით, მას გამოართვეს ეს პლაკატები და დახიეს, რის შემდეგაც მან ყვირილი დაიწყო.

“ეს პლაკატი ხომ შეეძლო სხვა დროს გაეშალა, ახლა გაახსენდა, ჯანსუღის დასაფლავების დღეს, რომ იქ კეკე იყო დაკრძალული? არ მინდა ვიფიქრო, მაგრამ სპეციალურად იყო მოწყობილი ეს ავანტიურა. ჯანსუღის მიმართ არ ჰქონდა არაფერი საწინააღმდეგო. ვერ მივხვდი, ამ სიტუაციაში რად უნდოდა ყურადღების მიქცევა. მიცვალებულის თავზე გაშალა. პანაშვიდი იყო, რამდენადაც მიუღებელი უნდა იყოს, ჭირისუფლის წინ ეს არ უნდა გააკეთო”, – უთხრა ნეტგაზეთს ოქიტაშვილმა.

6 ნოემბერს 86 წლის ასაკში ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა.

ის არის ავტორი წიგნებისა: “რწმენის კედელი” (1970), “დიდი ნათელი” (1980), “ერთტომეული” (1981), “რჩეული პოემები” (1983), “მე და შენ” (1984), “არცა ვმსახურობდე სხვას”! (1989), პუბლიცისტური წიგნი “თავისუფლება ლომთა ხვედრია”.

ჯანსუღ ჩარკვიანის მიერ თარგმნილია ტარას შევჩენკოს, კოროტიჩის, დრაჩის, ევტუშენკოს, ოკუჯავას, ვოზნესენსკის, ახმადულინას ლექსები.

1991-1993 წლებში გამოიცა მისი თხზულებათა ორტომეული. პოეტის ლექსები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ესპანურ, პოლონურ და სხვა ენებზე. მის ლექსებზე შექმნილია ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები.

1978 წელს მას გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია მიენიჭა, 1983-84 წლებში – გამოქვეყნებული ლექსების ციკლისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, 1998 წელს კი მიიღო შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია.

ჯანსუღ ჩარკვიანი იყო ღირსების ორდენის კავალერი. მას თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 1996 წელს მიენიჭა. 1995 და 1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი