ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, ოზურგეთში გაუჩინარებული ოპოზიციონერი იპოვეს

9 ნოემბერი, 2017 • 1869
შსს-ს ცნობით, ოზურგეთში გაუჩინარებული ოპოზიციონერი იპოვეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის “გაუჩინარებული” წევრი პოლიციამ იპოვა. როგორ შსს-ში აცხადებენ, გიორგი როყვას არანაირი დაზიანებები არ აქვს, ის ჯანმრთელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ წუთებში მასთან გასაუბრება მიმდინარეობს.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ამბობს, როყვა ქობულეთის რკინიგზის სადგურში იმყოფებოდა.

შარაშენიძის შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი სირაძე ნეტგაზეთთან ამბობდა, რომ როყვა 7 ნოემბრის შემდეგ აღარ გამოჩენილა. მისი თქმით, 7 ნოემბრის 15:00 – 16:00 საათზე როყვაზე ზეწოლა განხორციელდა, რადგან მას ხუთის წუთებზე შეხვდა და ნახა, რომ როყვა ანერვიულებული იყო.

“დაშინებული იყო, ვერ მეუბნებოდა, ვინ დააშინა და რა უთხრეს… მითხრა, არ მომთხოვო ამაზე  პასუხიო. ამის შემდეგ მან მითხრა, რომ მომხსენი უბანზე დამკვირვებლის პოზიციიდანო”, – ამბობდა ირაკლი სირაძე.

სირაძის ინფორმაციით, გიორგი როყვა თვითმმართველობის არჩევნებზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, თუმცა ვერ გაიმარჯვა და ამის შემდეგ შარაშენიძის საარჩევნო კამპანიაში ჩართვის სურვილი გამოთქვა. შარაშენიძე მერის არჩევნების მეორე ტურშია, სადაც “ქართული ოცნების” წარმომადგენელ ბეგლარ სიორიძეს დაუპირისპირდება კვირას. ირაკლი სირაძის თქმით, 7 ნოემბრიდან მოყოლებული როყვას ტელეფონი გამორთული აქვს და არც სამსახურში დადის. კოტე შარაშენიძის შტაბმა დღეს ოზურგეთში საპროტესტო აქცია გამართა და როყვას სოლიდარობა გამოუცხადა.

პოლიციის განყოფილების შენობიდან გამოსვლის შემდეგ, გიორგი როყვამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მასზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა. მისი თქმით, ის 21 ოქტომბრის არჩევნებში ევროპული საქართველოდან იყრიდა კენჭს მაჟორიტარად და რომ მას არ ჰქონია კავშირი შარაშენიძის შტაბთან. მან ასევე უარყო ის, რომ თითქოს მან გაგზავნა შარაშენიძის შტაბის ხელმძღვანელთან სმს-ები.

კოტე შარაშენიძის თქმით, გიორგი როყვა 22 ოქტომბრიდან ჩაერთო მის საარჩევნო შტაბში და ამის მერე გახდა მისი წარმომადგენელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი