ახალი ამბები

საზმაუს საბჭო ბერას საჩუქრის ღირებულების დადგენამდე გადაწყვეტილებას ვერ იღებს

9 ნოემბერი, 2017 • 1872
საზმაუს საბჭო ბერას საჩუქრის ღირებულების დადგენამდე გადაწყვეტილებას ვერ იღებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ელოდება, როდის დაითვლის მაუწყებლის ხელმძღვანელობა იმ ტექნიკის ღირებულებას, რომელიც ბერამ მაუწყებელს უნდა აჩუქოს.

სამეურვეო საბჭოს წევრი, ქეთი მსხილაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მათ არ მიუღიათ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, მიიღებს თუ არა ბერას საჩუქარს მაუწყებელი, არამედ იმსჯელეს ამ საკითხის თაობაზე.

“როგორც გაირკვა, არც ზუსტი ღირებულება არ იციან ამ საჩუქრის. როგორც თქვეს, იციან, რა აპარატურაზეა საუბარი, ამის ჩამონათვალი აქვთ, მაგრამ ბევრი საკითხია დასაზუსტებელი, მათ შორის, რა ღირს ეს აპარატურა. ამის ჩუქებაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.”

“როგორც თქვეს, მენეჯმენტის წარმომადგენლებმა შემოიტანეს საკითხი განსახილველად იმიტომ, რომ დიდი მითქმა-მოთქმაა საზოგადოებაში, აინტერესებს საზოგადოებას, რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით, მეტი გამჭვირვალობა რომ ჰქონოდა, ამიტომ შემოიტანეს სამსჯელოდ”, – განაცხადა ქეთი მსხილაძემ

ქეთი მსხილაძის თქმით, საბჭოს წევრების უმეტესობა მხარს უჭერს ბერას საჩუქრის მიღებას. საჩუქრის მიღების წინააღმდეგი თავად მსხილაძე და სულხან სალაძე არიან, ირაკლი პაპავას პოზიცია კი უცნობია, რადგან იგი სხდომას არ ესწრებოდა.

ქეთი მსხილაძის თქმით, საბჭო ელოდება მენეჯმენტს, რომ ტექნიკის ღირებულება წარმოადგინოს, რადგან მაუწყებელმა უნდა იცოდეს, რა ოდენობის თანხა აღირიცხება მის ბალანსზე ჩუქების შემთხვევაში და მეორე: თუ ამ ტექნიკის ღირებულება მაუწყებლის ბიუჯეტის 1%-ზე ნაკლები იქნება, მაშინ მაუწყებლის ხელმძღვანელობა მას საბჭოს თანხმობის გარეშე მიიღებს საჩუქრად .

24 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება, ყოფილი პრემიერის – ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის კომპანიას ორი სხვადასხვა ტენდერის გზით 372 011 ლარს უხდის.

23 ოქტომბერს დასრულებული ტენდერის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბერა ივანიშვილის კომპანიისგან 346 098 ლარად იქირავებს განათებას  გადაცემისთვის “აქტუალური თემა 1 არხზე მაკა ცინცაძესთან ერთად”.

30 ოქტომბერს ბერა ივანიშვილმა განაცხადა, რომ  იგი იმ  ტექნიკას, რომელიც უნდა ექირავებინა 1 არხს, მაუწყებელს საჩუქრად მისცემდა.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

საზოგადოებრივი მაუწყებელი ბერას კომპანიას 400 ათასამდე ლარს უხდის

GPB ხაინდრავას კომპანიას სერიალის გადაღებისთვის ნახევარ მილიონ ლარამდე გადაუხდის

საზმაუს ფუნქცია კერძო კომპანიის შემოსავლებზე ზრუნვა არაა – მსხილაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი