ახალი ამბები

ოზურგეთში გაუჩინარებული ოპოზიციონერის მამა პოლიციისთვის მიმართვას აპირებს

9 ნოემბერი, 2017 • 1889
ოზურგეთში გაუჩინარებული ოპოზიციონერის მამა პოლიციისთვის მიმართვას აპირებს

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის “გაუჩინარებული” წევრის მამა აბობს, რომ შვილი ორი დღეა არ გამოჩენილა და არც ვინმესთან გასულა კონტაქტზე.

საუბარია გიორგი როყვაზე, რომელიც შარაშენიძის შტაბის ინფორმაციით, 7 ნოემბრის შემდეგ დაკარგულია.

დღეს დილით შსს-ს პრესსამსახურმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოკვლევა დაიწყეს, ზემოხსენებული ცნობა ოჯახთან გადაამოწმეს, სადაც როყვას გაუჩინარების ფაქტი არ დაადასტურეს.

გიორგი როყვას მამა, დავითი, ნეტგაზეთთან ამბობს, რომ პოლიციას მართლაც ესაუბრა, თუმცა იგივე უთხრა, რაც ნეტგაზეთს.

“რა ინფორმაციაც თქვენ გაქვთ, ის მაქვს მეც… ჭორის დონეზე. მეტი რაფერი.  ჩემთვის არაფერი უთქვამს, რომ სადმე მივდივარო… გავიდა სახლიდან და ორი დღეა არ ჩანს. 7 ნოემბრის შემდეგ არც სახლში მოსულა, არც კონტაქტზე გამოსულა, არც შინაურთან მისულა ვინმესთან. ორი დღეა ვეძებთ”, – ამბობს გიორგი როყვას მამა ნეტგაზეთთან საუბარში.

გიორგი როყვას მამასთან საუბრის შემდეგ ნეტგაზეთი კიდევ ერთხელ დაუკავშირდა შსს-ს პრესსამსახურს, სადაც დილით მოცემული კომენტარი შეცვალეს.

“ჩვენი კომენტარი არის ასეთი: ამ პირის გაუჩინარების შესახებ შსს-ში განცხადება არ შემოსულა, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძელზე ჩვენ ამ საქმის შესწავლას ვახორციელებთ”, – განაცხადეს შსს-ში.

გიორგი როყვას მამა ამბობს, რომ შვილის ძებნის დაწყების თხოვნით პოლიციას განცხადებით დღესვე მიმართავს.

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის შტაბი მათ აქტივისტს, გიორგი როყვას ეძებს. შტაბში აცხადებენ, რომ როყვა 7 ნოემბრის შემდეგ გაუჩინარდა.

შარაშენიძის შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი სირაძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ როყვა 7 ნოემბრის შემდეგ აღარ გამოჩენილა. მისი თქმით, 7 ნოემბრის 15:00 – 16:00 საათზე როყვაზე ზეწოლა განხორციელდა, რადგან მას ხუთის წუთებზე შეხვდა და ნახა, რომ როყვა ანერვიულებული იყო.

“დაშინებული იყო, ვერ მეუბნებოდა, ვინ დააშინა და რა უთხრეს… მითხრა, არ მომთხოვო ამაზე  პასუხიო. ამის შემდეგ მან მითხრა, რომ მომხსენი უბანზე დამკვირვებლის პოზიციიდანო”, – ამბობს ირაკლი სირაძე.

სირაძის ინფორმაციით, გიორგი როყვა თვითმმართველობის არჩევნებზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, თუმცა ვერ გაიმარჯვა და ამის შემდეგ შარაშენიძის საარჩევნო კამპანიაში ჩართვის სურვილი გამოთქვა. შარაშენიძე მერის არჩევნების მეორე ტურშია, სადაც “ქართული ოცნების” წარმომადგენელ ბეგლარ სიორიძეს დაუპირისპირდება კვირას.

ირაკლი სირაძის თქმით, 7 ნოემბრიდან მოყოლებული როყვას ტელეფონი გამორთული აქვს და არც სამსახურში დადის.

“ვერც ვერავინ ვნახე, ვინც მეტყოდა, რომ გიორგი როყვა კარგადაა და კონკრეტულ მისმართზე იმყოფება”, – ამბობს სირაძე.

კოტე შარაშენიძის შტაბმა დღეს ოზურგეთში საპროტესტო აქცია გამართა და როყვას სოლიდარობა გამოუცხადა.

ამ საკითხს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირკალი კობახიძეც გამოეხმაურა.

“ერთადერთი, მე მაქვს ინფორმაცია, რომ დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. ბუნებრივია, ნათელი უნდა მოეფინოს ამ საკითხს. დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცველები მიიღებენ ყველა იმ ზომას, რომელიც საჭიროა ნათელის მოსაფენად,” – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

გიორგი როყვამ 7 ნოემბერს, დილის საათებში, ფეისბუკზე ამ შინაარსის განცხადება განათავსა:

“მინდა მოგმართოთ ყველას და დავაფიქსირო ჩემი პოზიცია:ზოგადად არჩევნები წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიას, ყველა ადამიანს აქვს უფლება დააფიქსიროს თავისი პოზიცია და ყავდეს სასურველი კანდიდატი, არ შეიძლება ადამიანებით მანიპულირება და სათავისოდ ურცხვად გამოყენება. აქედან გამომდინარე მეც მაქვს ჩემი არჩევანის უფლება. არავის არ მივცემ ნებას ჩემი სახელით მანიპულირებას. მოგიწოდებთ იმოქმედოთ კანონის ფარგლებში და იმოქმედოთ სინდისიერად”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი