ცვლილებები შენობების უსაფრთხოების წესის რეგლამენტში და დეველოპერების პოზიცია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თბილისის ახალარჩეულ მერთან ერთად სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც გიორგი გახარია ამბობს, შეხვედრის მიზანი მთავრობის 41-ე დადგენილებაში (შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების ტექნიკური რეგლმანენტი) შესატანი ცვლილებების განხილვა იყო.

“რეალურად, დადგენილება დღესაც მოქმედებს, მაგრამ  ამ მოქმედების პერიოდში, ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრომ დავინახეთ გარკვეული პრობლემები, რომლებსაც მენაშენეები, ასოციაციის სახით, და დეველოპერები აყენებენ. რეალურად, დაფიქსირდა, რომ ასეთი  პრობლემები არსებობს და მათთან ერთად შევიმუშავეთ ცვლილებები” – ამბობს გიორგი გახარია.

როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ამბობს, ცვლილებების მიზანია საზოგადოების ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა, შენობაში ხანძრისა და სხვა საფრთხეებისგან მათი დაცვა, ასევე მეხანძრე-მაშველების უსაფრთხოება საგანგებო ვითარების დროს:

“ცვლილებები არის გამარტივების მიმართულებით ბევრი, რაც გაუმარტივებს მშენებლებს და დეველოპერებს, რომ დაიცვან  უსაფრთხოების ნორმები მშენებლობის პერიოდში, თუმცა პრინციპული  საკითხები, რაც მომხმარებლებზეა ორიენტირებული და უსაფრთხოების ძირითადი ნორმებია, იქნა შენარჩუნებული” – ამბობს გიორგი გახარია.

გიორგი გახარია და კახა კალაძე დეველოპერებსა და სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ 09.11.17 ფოტო: ნეტგაზეთი მარიამ/ბოგვერაძე

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელსაც დღევანდელ შეხვედრაზე მიაღწიეს, ისაა, რომ დადგენილება უკვე გაცემულ განაშენიანების რეგულირების გეგმებსაც შეეხება, რაც საშუალებას მისცემს ქალაქს, ერთიანი სამშენებლო პოლიტიკა შექმნას:

“ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის იყო, რომ 41-ე  დადგენილების გავრცელების არეალიდან ამოღებული იყო უკვე დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმები. ეს იყო ძალიან დიდი მოცულობა და ყველაზე პრინციპული, რასაც ჩვენ დღეს მივაღწიეთ კომპანიებთან, არის, რომ 41-ე დადგენილება უკვე ახალი ცვლილებებით შეეხება დამტკიცებულ გრგ-ებსაც.

ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რადგან აძლევს საშუალებას თბილისს და არა მხოლოდ თბილისს, შექმნას და განავითაროს  სამშენებლო პოლიტიკა. მოახდინოს მისი იმპლემენტაცია, რამეთუ  წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პოლიტიკის მიღმა რჩებოდა საცხოვრებელი ბინათმშენებლობის დიდი ნაწილი” – ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

ცვლილებები მისაღებია დეველოპერებისთვისაც. მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის, ირაკლი როსტომაშვილის თქმით, დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობა დეველოპერებმაც მიიღეს:

“საუბარი იყო ე.წ. 41-ე შესწორებაზე, რომელიც არის ევროსტანდარტების და თანამედროვე  მშენებლობის რეგულაციაზე გადასვლის დოკუმენტი. ამ დოკუმენტზე ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან სამ წელზე მეტია. უბრალოდ, აქ იყო რაღაც კონკრეტული პუნქტების, შეღავათების [განხილვა]. მაგალითად, იყო ცეცხლსაქრობების განთავსების დეტალები. ახლა იყო შეღავათის სახით, რომ 30 სართულის ნაცვლად 37 სართულს ეხებოდეს, მაგრამ ეს არის დეტალები.

ძირითადად, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან კარგი, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ჩემთვის პირველად იყო ასეთი  ფართომასშტაბიანი შეხვედრა დედაქალაქის ახლად არჩეულ მერთან.  წინა მერთან ჩვენ შეხვედრები არ გვქონია ასეთი ფორმატით. მივიღეთ დაპირება, რომ ეს იქნება რეგულარული, რაც მხოლოდ წაადგება ჩვენს საქმეს”  – ამბობს როსტომაშვილი.

შეხვედრაზე  დრო დაეთმო მშენებელობების ფასადის მოპირკეთების საკითხსაც. როგორც თბილისის ახალარჩეული მერი, კახა კალაძე ამბობს, ამ მიმართულებით რეგულაციები უნდა გამკაცრდეს:

“ რაც შეეხება ფასადების ნაწილს, სამშენებლო კომპანიები, დეველოპერებიც თანხმდებიან, რომ აუცილებლად უნდა გავამკაცროთ ამ მიმართულებით რეგულაციები. თუნდაც ახალი აშენებული შენობა-ნაგებობი უნდა იყოს მოპირკეთებული და არა მხოლოდ შეღებილი, რაც  ამახინჯებს და აზიანებს ქალაქის იერსახეს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვიმუშავებთ, წარმოვადგენთ კონკრეტულ სტანდარტიზაციას, თუ როგორ ვხედავთ ამ ყველაფერსმ და დარწმუნებული ვარ, ის, რაც ჩვენ ყველას გვაწუხებს დღეს იერსახის ნაწილში, რამდენიმე  წელში იქნება შეცვლილი და ქალაქი ქალაქს დაემსგავსება” – ამბობს კალაძე.

ფასადებზე რეგულაციების გამკაცრება მისაღებია დეველოპერებისთვისაც. როგორც კომპანია “რედიქსის” დამფუძნებელი, ლაშა პაპაშვილი ამბობს, ამას თავად დეველოპერებიც ითხოვენ:

“დღესდღეობით არ არის გართულებული [სამშენებლო ნებართვის მიღება]. ერთია, რომ არის გამარტივებული, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ქალაქის იერსახე  არ იყოს ისეთი, როგორიც დღესაა. [შესაბამისად] გართულება უნდა მოხდეს. თვითონაც მომხრე არიან ამის, რომ არ შეიძლება ქალაქის ცენტრში ასეთი უგვანი შენობები აშენდეს, არანაირი თანხა არ დაიხარჯოს მის იერსახეზე, ფასადზე. აქ პირიქით, გამკაცრებას ვითხოვთ და ისინიც ამ ინიციატივით გამოდიან, რაშიც მხარს ვუჭერთ” – ამბობს პაპაშვილი.

“რედიქსის” დამფუძნებლის თქმით, დეველოპერები ასევე დაინტერესდნენ, როგორ უნდა შეიცვალოს მერიის სტრუქტურა და ბიუროკრატიული ბარიერები აღმოიფხვრას. ახალ მერთან ასევე ისაუბრეს ცვლილებებზე არქიტექტურისა და ზედამხევდელობის სამსახურებში:

“ზოგადად ვისაუბრეთ, რა უნდა შეიცვალოს, ბიუროკრატიული ბარიერები, რა თქმა უნდა, არსებობს. ვის დაექვემდებარება არქიტექტურის სამსახური, ზედამხედველობა, ეს კრიტიკული თემებია. მთავარი რაც იყო, არის თანამშრომლობის ორმხრივი სურვილი, გამარტივების და ერთმანეთის აზრის გაზიარების და ურთიერთთანამშრომლობის” – ამბობს პაპაშვილი.

კახა კალაძის თქმით, კონკრეტულ გეგმებს მერიაში სტრუქტურულ ცვლილებებზე უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი