ახალი ამბებისამართალი

ახალგაზრდა მამაკაცის სუიციდში ოჯახის წევრები პოლიციას ადანაშაულებენ

9 ნოემბერი, 2017 • 5496
ახალგაზრდა მამაკაცის სუიციდში ოჯახის წევრები პოლიციას ადანაშაულებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსეპქცია სწავლობს ხარაგაულის პოლიციის განყოფილების თანამშრომლების მხრიდან ახალგაზრდა მამაკაცზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს, რამაც მისი ოჯახის წევრების თქმით, ეს ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში მიაწოდეს. მათივე ცნობით, 29 წლის ამირან კვირიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით (სსკ 115-ე მუხლი) დაიწყო.

ამირან კვირიკაშვილმა, რომელიც ხარაგაულში ცხოვრობდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ის დღეს დაკრძალეს. მისი ოჯახის წევრების თქმით, სუიციდის მიზეზი პოლიციის მხრიდან მუქარას უკავშირდება.

“ეუბნებოდნენ, რომ ალბათ, რა ვიცი, ჩემი აზრია, რომ ან ითანამშრომლე ჩვენთან, ან დაგიჭერთ. ალბათ, ეს იყო მუქარა, რომელიც მაგან ვერ აიტანა და პირადად მე მითხრა, რომ ან თავი უნდა მოვიკლა, ან მაგენი უნდა მოვკლაო. ეგ ისეთი იყო, იმგენს ვერაფერს დაუშავებდა და ისევ დაუშავა მის თავს. ჩემმა ძმამ, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის, აწერინებენ რაღაც საბუთზე ხელს, უმშობლოდ. გამოიღონ ის საბუთი და მანახონ, რაზე მოაწერინეს მას ხელი. როგორც მე მივხვდი მისი საუბრიდან, მასზე იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელსაც ვერ გაუძლო,”-აცხადებს ტელეიმედთან საუბარში ნინო კვირიკაშვილი, გარდაცვლილის და.


“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა გარდაცვლილის სიძეს, თორნიკე გაბადაშვილს, რომელსაც მომხდარის თაობაზე ვრცლად ვესაუბრეთ:

პირველ რიგში, თქვენ რას უკავშირებთ ამირანის გარდაცვალების ფაქტს – სუიციდის მიზეზად თქვენც პოლიციის მხრიდან ზეწოლა მიგაჩნიათ?

ზეწოლა იყო, რად უნდა ამას დაკავშირება. მასე იყო რეალური ფაქტი.

 

რას საქმიანობდა ამირანი?

მუშაობდა მშრომელი ადამიანი იყო. რა ვიცი, რა გითხრათ. ზოგჯერ მანქანის “გრუზი” მოვიდოდა, ჩამოცლიდა. შავი მუშა იყო. არასრული საშუალო განათლებით. პატიოსანი, მშრომელი ადამიანი იყო. რასაც საშრომს ნახავდა, შრომობდა.

 

იყო თუ არა მანამდე ნასამართლევი?

არა. ნასამართლევი ყოფილა კი არა, მაგისგან ნაწყენი ადამიანი ბუნებაში არ მოიპოვება.

 

მისი და სხვადასხვა მედიასაშუალებასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მას ხშირად იბარებნენ პოლიციაში? რის გამო იბარებდნენ? ბოლოს როდის იყო პოლიციაში?

პოლიციაში სიკვდილამდე სამი დღით ადრე იყო. დაბარების მიზეზი არ ვიცი. ხუთი საათის განმავლობაში ჰყავდათ მიყვანილი და პოლიციიდან რომ გამოუშვეს, ასე უთხრეს – პოლიციაში თუ გვყავდი მოყვანილი, არ გაამხილო სადმეო და აბა, მე საიდან ვიცი?! მიბრძანდით პოლიციაში და მაგათმა თქვან, რა უთხრეს და რა მოხდა. მე არაფერი ვიცი.

 

მისი და ამბობს, რომ პოლიცია თანამშრომლობას აიძულებდა? რა ტიპის თანამშრომლობაზე იყო საუბარი?

კი. რა ტიპის თანამშრომლობაზე იყო საუბარი და თუ ვინმე რამეს დააშავებდა, მარიხუანას მოიხმარდა, ან დანაშაული თუ მოხდებოდა, თავის თავზე უნდა აეღო ეს დანაშაული. რაც ხდება ძირითადად პოლიციაში. რატომ მეკითხებით? – არ იცით, როგორც ხდება?! ერთიდაიგივე ხელწერა რომ არის, გინდა თბილისი იყოს, გინდა ხარაგაული, გინდა ქუთაისი. სხვადასხვანაირად მოქმედებენ სადმე?!


და ასევე ამბობს, რომ დაჭერით ემუქრებოდნენ. რის გამო შეიძლებოდა ის დაეჭირათ?

კი, ბატონო, ემუქრებოდნენ. მის ძმას  თუ ვერაფერს დავუშავებთ, შენ დაგიჭერთო.

 

კონკრეტულად თუ იცით პოლიციის იმ თანამრომლის ან განყოფილების შესახებ რაიმე ინფორმაცია, ვინც ემუქრებოდა ამირანს?

უშუალოდ განყოფილების მოადგილე, რიკაძეა გვარად, სახელი არ ვიცი. პოლიციის უფროსის მოადგილეა. ის იყო უშუალოდ მაგის ორგანიზატორი. და მაგის გარდა, პოლიციის 7 თანამშრომელი.

 

დაიკითხთა თუ არა პოლიციის მიერ ოჯახის წევრები?

მოვიდნენ და საბუთები მოითხოვეს. ბოლოს ამან 20 დღის წინ გაიკეთა ოპერაცია ხერხემალზე, მაგის საბუთები მოგვეციო, უნდა წავიღოთო, როგორც ნაოპერაციები იყო. ოჯახიდან გაყარეს. ვინ გააჩერებდა სახლში, მითხარით ახლა? როცა 28 წლის შვილს თავი მოაკვლევინეს?!

 

როგორ აპირებთ სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას?

ბრძოლის გაგრძელებას როგორ ვაპირებ და თქვენი იმედით და თქვენით. თუ მაგით ვერ მივაღწევ, მერე უკვე ჩემებურად მივაღწევ.

მასალების გადაბეჭდვის წესი