ახალი ამბები

კალაძე: მიშენებების დიდი ნაწილი დაკანონებულია და მათ ვერ შევეხებით

9 ნოემბერი, 2017 • 1682
კალაძე: მიშენებების დიდი ნაწილი დაკანონებულია და მათ ვერ შევეხებით

თბილისის ახალარჩეული მერის თქმით, დედაქალაქის მთავრობა შენობა-ნაგებობებზე არსებულ მიშენებებს არ შეეხება. კახა კალაძის თქმით, მიშენებების დიდი ნაწილი უკვე დაკანონებულია და მერია არ გეგმავს კერძო საკუთრებას შეეხოს:

“რაც შეეხება მიშენებებს, თქვენ იცით, რომ ძალიან დიდი ნაწილი უკვე დაკანონებულია, შესაბამისად, ჩვენ საკუთრებას ვერ შევეხებით, ამას ნამდვილად არ ვიკადრებთ. აქ საუბარი იყო ძირითადად იმ ახალ მშენებლობებზე, რომლებიც უნდა დაიწყოს და რეგულაციები განხორციელდება იმ კომპანიებზე, რომლებსაც მშენებლობის ნებართვა ჯერ არ აქვთ მიღებული, თუმცა აქვთ მომზადებული გრგ-ები,” – ამბობს კალაძე.

თბილისის ახალარჩეულმა მერმა დედაქალაქში არსებულ დაუსრულებელ მშენებლობებზეც ისაუბრა. კალაძის თქმით, მერია დაიწყებს მუშაობას კონკრეტული გეგმის შემუშავებაზე, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას:

“ეს სერიოზული პრობლემაა ქალაქისთვის, რამდენიმე კომპანიაა, ვინც ძირითადად ფლობს ასეთ შენობა-ნაგებობებს ქალაქში, რომლებსაც  გარკვეული ფინანსური პრობლემები შეექმნათ იმ ადამიანებს, ვისაც ავანსი ჰქონდათ გადახდილი. ჩვენ. რა თქმა უნდა,  დავიწყებთ მუშაობას და ჩამოვაყალიბებთ კონკრეტულ გეგმას,  რომ ეს პრობლემა იქნას მოგვარებული,” – თქვა კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიებთან და დეველოპერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი