“განსაკუთრებული რისკები ჯერ არ გვაქვს” – ვითარება უვიზო მიმოსვლიდან 7 თვის შემდეგ

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან 7 თვისთავზე უვიზო მიმოსვლით დაახლოებით საქართველოს 160 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, პროცედურა კი დაახლოებით 6%-მა დაარღვია – ამის შესახებ ჟურნალისტებთან იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ვინც შსს-ს მონაწილეობით გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანია ის 6% პროცენტი, ვინც ევროკავშირში 90-ზე მეტი დღით დარჩა – შსს-ს მინისტრის მოადგილეს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ეს შეხვედრა, რომელიც 9 ნოემბერს გაიმართა, ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა შენობა ისე დატოვა, რომ ჟურნალისტების კითხვებს პასუხი არ გასცა. შსს-ს პრესასამსახურმა დღის მეორე ნახევარში გაავრცელა ვიდეო, სადაც მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს:

“რაიმე განსაკუთრებული რისკები ჯერ ამ კუთხით არ გვაქვს, ანუ, ვიზალიბერალიზაცია მიდის ისე, როგორც ჩვენ გვქონდა მოლოდინი და ამ ეტაპზე ვახორციელებთ სწორედ ამ რისკების მართვას და პრევენციას იმ პრობლემებისა, რაც შეიძლება წარმოიშვას,”- განაცხადა ხუციშვილმა.

CIDA-ს დირექტორმა ზვიად დევდარიანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოწოდებული ინფორმაციის თანხმად, უვიზო რეჟიმის დამრღვევთა შორის თბილისისა და იმერეთის მოსახლეობა ლიდერობს.

“საერთო წარმოდგენა არსებობს, რომ უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ჩვენი მოქალაქეების 6%-ია, რომელმაც სავარაუდოდ, დაარღვია შენგენის ზონაში უვიზოდ ყოფნის პროცედურა… რეგიონების მიხედვით გამოიკვეთა, რომ თბილისი და იმერეთის რეგიონია ის რეგიონები, საიდანაც ყველაზე მაღალია პროცენტი იმ ადამიანების, რომლებმაც სავარაუდოდ, დაარღვიეს პროცედურა,”- განაცხადა ზვიად დევდარიანმა.

მისივე განცხადებით, ეს ციფრები მოლდოვას მაჩვენებლებზე უკეთესია:

“ჩვენ გვაქვს საერთო ციფრებზე წარმოდგენა, თუ შევადარებთ მოლდოვას, რომელმაც ჩვენზე ადრე მიიღო უვიზო მიმოსვლა და იქ ეს პროცენტი, ვინც გამოიყენა უვიზო მიმოსვლა და უკან არ დაბრუნდნენ, იყო 16%, ჩვენს შემთხვევაში, ეს არის 6%. შედარება საშუალებას გვაძლევს, ერთი მხრივ, ვიყოთ მშვიდად, რომ ეს არ არის საგანგაშო, მაგრამ, ამავე დროს, როცა რამდენიმე ათას ჩვენს მოქალაქეზეა საუბარი, რომელმაც გამოიყენა უვიზო მომისვლის პროცედურა და დარჩა იქ, ყველას, სახელმწიფო სტრუქტურასაც, მედიასაც გვიბიძგებს, რომ ძალიან აქტიური ინფორმირება მოვახდინოთ ჩვენი მოქალაქეების,”- განაცხადა ზვიად დევდარიანმა.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) წარმომადგენელი, ნოდარ ტანგიაშვილი ამბობს, რომ ამ 6%-ის ნახევარს შესაძლოა არც დაურღვევია უვიზო მიმოსვლის სარგებლობის წესები:

“რაოდენობა, რომელიც გაჟღერდა, რომ მათ დაარღვიეს 90-დღიანი ვადა, ნახევარი არ უკავშირდება უკანონო მიგრაციას, შესაბამისად, რეალური მაჩვენებელი არის გაცილებით ნაკლები… ზოგი არის მესამე ქვეყანაში გადასული, ზოგმა გააგრძელა კანონიერი ყოფნა ევროკავშრის ტერიტორიაზე, ზოგი არის ორმაგი მოქალაქეობის მქონე,”- განაცხადა ტანგიაშვილმა.

მან გამოწვევებს შორის რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა, ორგანიზებული დანაშაულისა და ევროკავშირში თავშესაფრის მიღების მსურველთა რიცხვის შემცირება დაასახელა:

“ხშირია არასწორი ინფორმაცია, მათ შორის რუსული პროპაგანდის მიერ ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მალე შეუჩერებენ უვიზო მიმოსვლას, თითქოს ყოველი მეათე ქართველი რჩება ევროკავშირში, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. გამოწვევაა ისიც, რომ მაინც არის თავშესაფრის მაძიებლების მაღალი მაჩვენებლები, ამ ხალხის 95%-ს უარი ეთქმება იმიტომ, რომ არ აქვთ რეალური საფუძველი. აგრეთვე, გამოწვევად რჩება ორგანიზებული დანაშაული,”- განაცხადა ტანგიაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ სახელმწიფო გააგრძელებს საინფორმაციო კამპანიას უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.

“შეჩერების მექანიზმის არანაირი საფრთხე არ იკვეთება ამ ეტაპზე, აშკარაა, რომ შესაბამისი სამსახურები საქართველოში მუშაობენ, ეს ძალაინ კარგია, თუმცა ის, რომ ხვალ და ზეგ შესაბამისი მექანიზმის ამოქმედება არ გვემუქრება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურდღება უნდა მოვადუნოთ,”- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი რუხაძემ, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა.

ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ძალაში 2018 წლის 28 მარტს შევიდა.

რა საბუთები დაგჭირდებათ უვიზო მიმოსვლით სარგებლობისთვის, რომელ ქვეყნებში შეგიძლიათ მოგზაურობა და დამატებითი დეტალების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე. 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი