ახალი ამბები

ოზურგეთში დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბი ამბობს, რომ მათი აქტივისტი გაუჩინარდა

9 ნოემბერი, 2017 • 1580
ოზურგეთში დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბი ამბობს, რომ მათი აქტივისტი გაუჩინარდა

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის შტაბი მათ აქტივისტს, გიორგი როყვას ეძებს. შტაბში აცხადებენ, რომ როყვა 7 ნოემბრის შემდეგ გაუჩინარდა.

შარაშენიძის შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი სირაძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ როყვა 7 ნოემბრის შემდეგ აღარ გამოჩენილა. მისი თქმით, 7 ნოემბრის 15:00 – 16:00 საათზე როყვაზე ზეწოლა განხორციელდა, რადგან მას ხუთის წუთებზე შეხვდა და ნახა, რომ როყვა ანერვიულებული იყო.

“დაშინებული იყო, ვერ მეუბნებოდა, ვინ დააშინა და რა უთხრეს… მითხრა, არ მომთხოვო ამაზე  პასუხიო. ამის შემდეგ მან მითხრა, რომ მომხსენი უბანზე დამკვირვებლის პოზიციიდანო”, – ამბობს ირაკლი სირაძე.

სირაძის ინფორმაციით, გიორგი როყვა თვითმმართველობის არჩევნებზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, თუმცა ვერ გაიმარჯვა და ამის შემდეგ შარაშენიძის საარჩევნო კამპანიაში ჩართვის სურვილი გამოთქვა. შარაშენიძე მერის არჩევნების მეორე ტურშია, სადაც “ქართული ოცნების” წარმომადგენელ ბეგლარ სიორიძეს დაუპირისპირდება.

ირაკლი სირაძის თქმით, 7 ნოემბრიდან მოყოლებული როყვას ტელეფონი გამორთლი აქვს და არც სამსახურში დადის.

“ვერც ვერავინ ვნახე, ვინც მეტყოდა, რომ გიორგი როყვა კარგადაა და კონკრეტულ მისმართზე იმყოფება”, – ამბობს სირაძე.

კოტე შარაშენიძის შტაბმა დღეს ოზურგეთში საპროტესტო აქცია გამართა და როყვას სოლიდარობა გამოუცხადა.

ამ საკითხს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირკალი კობახიძეც გამოეხმაურა.

“ერთადერთი, მე მაქვს ინფორმაცია, რომ დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. ბუნებრივია, ნათელი უნდა მოეფინოს ამ საკითხს. დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცველები მიიღებენ ყველა იმ ზომას, რომელიც საჭიროა ნათელის მოსაფენად,” – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მათ მედიით გავრცელებული ინფორმაცია როყვას გაუჩინარების შესახებ ოჯახთან გადაამოწმეს, სადაც ეს ცნობა არ დაადასტურეს. ამ კომენტარის გარდა შსს-ს პრესსამსახურისაგან სხვა ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

“უშალოდ ოჯახის წევრებთან არ მილაპარაკია, ვესაუბრე მის მამიდას გუშინ რამდენჯერმე და მანაც არ იცოდა ბატონი გიორგის ადგილსამყოფელი”, – ამბობს ირაკლი სირაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი