ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ ოსეთი იეჰოვას მოწმეთა აკრძალვაში რუსეთს უერთდება

10 ნოემბერი, 2017 • 3448
სამხრეთ ოსეთი იეჰოვას მოწმეთა აკრძალვაში რუსეთს უერთდება

სტატია თავდაპირველად სახელწოდებით South Ossetia Joins Russia in Ban on Jehovah’s Witnesses eurasianet.org-ზე გამოქვეყნდა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთის მსგავსად იეჰოვას მოწმეები “ექსტრემისტულ” ორგანიზაციად გამოაცხადა. როგორც სეპარატისტული ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი მიიჩნევს, იეჰოვას მოწმეები თბილისის ინტერესების გამტარებელნი არიან.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ, 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რუსეთის მიერ იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვიდან 3 თვის შემდეგ, უკანონოდ ცნო Wallkill-ში დარეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაცია.

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო სხვა ქვეყნების გავლენებს უფრთხიან, აკრძალვის მიზეზად დაასახელეს ის ფაქტი, რომ აღნიშნული რელიგიური ორგანიზაციის წევრები სისხლის გადასხმაზე უარს ამბობენ, რაც საზოგადოების ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

სამხრეთ ოსეთის მიერ რელიგიური ორგანიზაციის აკრძალვის ოფიციალური მიზეზი იეჰოვას მოწმეთა სახლებში შესაძლო “ექსტრემისტული” ბროშურების არსებობაა.

დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის, ზალინა ლალიევას განცხადებით, 21 ოქტომბრისთვის, ყოველგვარი გასაჩივრების გარეშე, ეს გადაწყვეტილება უკვე დაკანონდება.

იეჰოვას მოწმეები გასაჩივრებას აპირებენ.

“იეჰოვას მოწმეები სამხრეთ ოსეთში ამ გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ, რადგან არანაირი მტკიცებულება ან სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს” – ასე უპასუხა იეჰოვას მოწმეთა პრესსამსახურმა Tamada Tales-ის წერილობით კითხვას.

“მსოფლიოში კარგად იციან ჩვენი საქმიანობის შესახებ. აღიარებულია, რომ იეჰოვას მოწმეები მშვიდობიანი, კანონმორჩილი მოქალაქეები არიან. ჩვენ არც მთავრობის წინააღმდეგ გამოვდივართ პროტესტით და არც ისეთ აქტივობაში ვიღებთ მონაწილეობას, რომელიც შესაძლოა მოქალაქეებს, საზოგადოებრივ წესრიგის ან უსაფრთხოებას დაემუქროს” – ნათქვამია განცხადებაში.

ჯგუფის განცხადებით, “ნათელია”, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის უზენაესი სასამართლოს 20 აპრილის გადაწყვეტილების “პირდაპირი შედეგია”, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია გასაჩივრებული.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის რელიგიური მრჩეველი, სონია ხუბაევა უარყოფს, რომ ცხინვალი მოსკოვის მაგალითს მისდევს, თუმცა ადასტურებს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკას თავისი მიზეზები აქვს.

“პირველად იეჰოვას მოწმეები ეთნიკური ოსები იყვნენ, რომლებიც ოს სეპარატისტებსა და თბილისს შორის 1991-92 წლებში მომხდარი დაპირისპირებისას, სამხრეთ ოსეთში საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდნენ, რათა გაევრცელებინათ ქართველი მიმდევრების რწმენა,”- განაცხადა მან სექტემბერში Nykhas.ru-სთან ინტერვიუში.

მათ არც იარაღი აუღიათ ხელში და არც პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარეულან – იეჰოვას მოწმეები არ ერევიან პოლიტიკაში და არ აძლევენ ხმას – რაც სონია ხუბაევას თქმით, რეგიონის უსაფრთხოებას საშიშროებას უქმნის.

“ეს ყველაფერი ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის წინააღმდეგ მუშაობს… თუმცა, თუ გავითვალისწინებთ მოსახლეობის პროცენტულ მაჩვენებელს, რუსეთში ისინი არ წარმოადგენენ საფრთხეს. სამხრეთ ოსეთში მათი რიცხვი ათასამდე აღწევს, ეს კი ძალიან დიდი საფრთხის შემცველია. სამხრეთ ოსეთში იეჰოვას მოწმეები დარეგისტრირებული არასდროს ყოფილან,”- დაამატა მან.

იეჰოვას მოწმეების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა უსაფრთხოების გამო არ დაასახელა სამხრეთ ოსეთში მცხოვრები თავიანთი მიმდევრების რაოდენობა.

სამხრეთ ოსეთში იეჰოვას მოწმეები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ, თუმცა დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა, ლალიევამ განაცხადა, რომ “კომპეტენტური ორგანოები” თვალყურს ადევნებენ იატაკქვეშა საქმიანობებს.

თუმცა ერთ-ერთი დამკვირვებელი სამხრეთ ოსეთიდან ცხინვალის შეშფოთებას ოფიციალურ თბილისს არ უკავშირებს.

რუსეთის გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობა, არაოფიციალური ბიძგი ან უბრალოდ, “უფროსი ძმის თანხმობის იმედი”- ეს ყველაფერი დიდ როლს თამაშობს, განაცხადა მურატ გუკემუხოვმა ივლისში “ეხოკავკაზასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთთან გაერთიანების მოთხოვნით რეფერენდუმის გამართვას გეგმავენ, რაც რეგიონში ასობით შეიარაღებული ძალების განლაგებასა და ბიუჯეტის გაზრდას უზრუნველყოფს.

მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ კიდევ ერთი რეგიონში, სეპარატისტულ აფხაზეთში, 1995 წლიდან არის აკრძალული იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია, თუმცა მიმდინარე წლის აპრილიდან მათაც გამოთქვეს შეშფოთება იეჰოვას მოწმეთა საკითხის თაობაზე.

აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიამ და რადიომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, “თუ რა ურთიერთობები აკავშირებთ აშშ-სა და საქართველოს ამ ჯგუფთან”, ასევე აღნიშნეს, რომ ბრუკლინში აფხაზურ ენაზე იბეჭდება იეჰოვას მოწმეთა ლიტერატურა.

ჯგუფი მთიან ყარაბაღშიც არ არის რეგისტრირებული.

თუმცა, რა სავარაუდო რისკების წინაშე დგას აღნიშნული რელიგიური ორგანიზაცია, რთული სათქმელია.

აგვისტოს თვეში აღმოსავლეთ უკრაინის ლუგანსკის ოლქში რუსეთთან დაკავშირებულმა დე ფაქტო ხელისუფლებამ იეჰოვას მოწმეების აქტივობა იმ საბაბით აკრძალა, რომ ისინი უკრაინის უშიშროების სამსახურთან და “ნეონაცისტებთან” იყვნენ კავშირში. ბოლო რამდენიმე წელია აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე იეჰოვას მოწმეთა შეხვედრის ადგილებს არბევენ, ხოლო მათ წევრებს შეურაცხყოფას აყენებენ.

რუსეთში, რომელიც ისლამისტი რადიკალების თავდასხმებს იგერიებს, პოლიცია იეჰოვას მოწმეებს როგორც ტერორისტებს, ისე ებრძვის.

მაისში რუსეთის ნაციონალური სატელევიზიო ეთერით გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ დალუქეს შავ ნიღბებსა და ჯავშანჟილეტებში გამოწყობილმა “მსხვილკუნთიანმა პოლიციელებმა” სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ორიოლის იეჰოვას მოწმეების შეკრების ადგილი. დანიის მოქალაქეს, დენის კრისტენსენს კი, შესაძლოა, ათწლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ “ექსტრემისტულ ორგანიზაციაში” სავარაუდო წევრობისთვის.

აგვისტოში კურსკის ოლქში დააპატიმრეს ქალი, რომელიც სავარაუდოდ ბუკლეტებს არიგებდა, ეს პირველი სისხლისსამართლებრივი ბრალდებაა იეჰოვას მოწმეების აკრძალვის შემდეგ, გადმოსცემს Forum18. დაუდგენელ ქალბატონს შესაძლოა რვაწლიანი პატიმრობა მიესაჯოს.

გარდა ამისა, ჩრდილოკავკასიისა და მის ფარგლებს გარეთაც მკაცრი ზომები იქნა გატარებული.

მიუხედავად ამისა, იეჰოვას მოწმეების განცხადებით, “დარწმუნებული არიან”, რომ ევროსასამართლოში მათ მიერ გაგზავნილი მოთხოვნა, რომელიც შეეხება რუსეთში ამ რელიგიური ორგანიზაციის აკრძალვას, დაკმაყოფილდება, როგორც 2010 წელს.

ყოველივე ამის შემდეგ, მათ აღნიშნეს, რომ კრემლმა ისინი სამაგალითო საზოგადოების წევრებად აღიარა.

მაისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსი წყვილი “მშობლის დიდების” ორდენით დააჯილდოვა. ისინი იეჰოვას მოწმეები იყვნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი