ახალი ამბები

‘ბევრი სასიკეთო პროექტი გავაკეთეთ’ – ნარმანიამ თავისი მუშაობა შეაფასა

9 ნოემბერი, 2017 • 1796
‘ბევრი სასიკეთო პროექტი გავაკეთეთ’ – ნარმანიამ თავისი მუშაობა შეაფასა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მერად მუშაობის პერიოდში ბევრი “სასიკეთო” პროექტი განახორციელა თბილისისთვის და თბილისის მოქალაქეებისთვის.

“ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ქალაქისთვის და ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ბევრი სასიკეთო პროექტის განხორციელება, რომლითაც ბევრ ჩვენგანს შეგვიძლია ვიამაყოთ”, – განაცხადა დავით ნარმიამ მთავრობის სხდომაზე.

დღეს, 9 ნოემბერს, ნარმანიამ ბოლო სხდომა გამართა თავისი მერად ყოფნის პერიოდში და სამწლიანი მუშაობა შეაჯამა.

ნარმანიას თქმით, ამ სამი წლის განმავლობაში 163 სხდომა ჩაატარა, სადაც 3746 საკითხი განიხილეს. მერის თქმით, 134 ოპერატიული თათბირი გამართა და ათასზე მეტი დავალება მისცა მერის მოადგილეებს, სამსახურებსა და გამგეობებს.

თბილისის მერის სამწლიანი ანგარიშის მიხედვით:

  • გზის სარეაბილიტაციო და მიმდინარე შეკეთების სამუშაოები ჩაუტარდა 7 000 000 მ2-ის ფართს.
  • კაპიტალურად შეაკეთეს 755 ქუჩა
  • აშენდა შინდისი-კრწანისისა და სამება-მახათის დამაკავშირებელი გზები
  • აშენდა პუშკინის ესტაკადა
  • ბარათაშვილისა და დიღმის ხიდები განახლდა
  • ახლიდან მოეწყო მუხადგვერდის გადასასვლელი გზაგამტარი
  • აშენდა ავჭალის ხიდი
  • ქაიროს დასახლებასა და შინდისი- ტაბახმელას გზაზე მოეწყო კანალიზაცია
  • გამოცდა ჩაუტარდა თბილისის 19 ხიდს
  • 472 ავარიული სახლი გაამაგრეს
  • 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციოდ სულ 90 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა
  • 12 საბავშვო ბაღი აშენდა და მიმდინარეობს 13 ახალი ბაღის მშენებლობა
  • კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 365 ოჯახი დაკმაყოფილდა
  • 6 500-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდა, სტიპენდიით წაახალისეს 369 მაგისტრანტი
  • გაიხსნა ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრი და მედიათეკა აშენდა ვეტერანთა კულტურის და დასვენების პარკში
  • “ახალი ტფილისის” ფარგლებში 51 ისტორიული სახლი აღდგა
  • განახლდა ღვინის აღმართი, ზემო კალა, სამი ისტორიული სადარბაზო
  • თბილისში შემოიყვანა 143 ახალი ავტობუსი, განახლდა 2 მეტროსადგური, შერჩეულია 10 ადგილი მრავალდონიანი ავტოსადგომების ასაშენებლად.

ამ ანგარიშით წარდგა დავით ნარმანია მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, დეტალურ ანგარიშს ხვალ, 10 ნოემბერს წარუდგენს საზოგადეობას.

თბილისის მთავრობას ვადა ეწურება 11 ნოემბერს. ახლად არჩეული მერი კახა კალაძე მერიაში 12 ნოემბერს შეუდგება მუშაობას. კალაძე თბილისის მერად 2017 წლის 21 ოქტომბერს აირჩიეს.

დავით ნარმანია თბილისის მერი 2014 წლის აგვისტოდან არის. მერად არჩევამდე იგი საქართველოს ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი