ნინო ბურჯანაძე: ვისურვებდი, საქართველოს ისეთი პრეზიდენტი ჰყავდეს, როგორიც პუტინია

DW-სთვის მიცემულ ინტერვიუში  “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ისურვებდა, საქართველოს ისეთი პრეზიდენტი ჰყოლოდა, როგორიც ვლადიმერ პუტინია რუსეთისთვის.

ნინო ბურჯანაძის თქმით, საქართველოში ხელისუფლებას მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მართავს და ამის გამო შეუძლებელია, საქართველოს დემოკრატიული ქვეყანა ეწოდოს.

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ინტერვიუში  რუსეთის პრეზიდენტს აქებს და მას სერიოზულ ლიდერს და პოლიტიკოსს უწოდებს.

“პუტინი არის ადამიანი, რომელიც იცავს რუსეთის ინტერესებს. მან შეძლო ქვეყნის ფეხზე დაყენება. ბუნებრივია, მას აქვს ის თვისებები, რაც მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც რუსეთია,”-აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ნინო ბურჯანაძის პარტიამ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში ხმების 2,59 პროცენტი დააგროვა, გასული წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით პარტიის რეიტინგი ერთი პროცენტით დაეცა. 2016 წლის საპარლამენტო არცევნებში ბურჯანაძის პარტიამ ხმების 3,53 პროცენტი მიიღო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.