ელენე რექვიაშვილის "მეორე ბუნება"

არტისტერიუმი 2017: ელენე რექვიაშვილის “მეორე ბუნება”

ავტორი: დავით ოქროპირიძე


ელენე რაქვიაშვილის ინტერაქტიულ პერფორმანსს  “მეორე ბუნება” დღეს გობელინისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმმა უმასპინძლა. პერფორმანსში ხელოვანმა აბრეშუმის ნაჭერი, აბრეშუმის ჭუპრი და ღვინო (საფერავი, ძირბულა) გამოიყენა.

“იდეა არის საფერავის, როგორც ფერის მიმცემის. წინაპრებმა ზუსტად დაარქვეს ამ ჯიშს საფერავი, როგორც საღებავი, ანუ ფერის მისაცემი. მინდოდა საზოგადოებისთვის მეჩვენებინა, როგორ ხდება ეს პროცესი და ადგილზე დავჭყლიტე, საერთოდ, საფერავს და ძირბულას ვურევ ერთად,” – განუცხადა ნეტგაზეთს ელენე რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, პერფორმანსის იდეა აბრეშუმის და ღვინის შერწყმაა, რაც ქართველებისთვის ძალიან საკრალურია.

“ღვინო, რომელიც გვაბრუნებს წარსულში, ჩვენს წინაპრებთან. ღვინო, რომელიც ჩვენთვის არა მარტო ალკოჰოლია, არამედ საღებავია, ანუ საფერავია, ფერის მისაღებია. ამ ფერის მიცემით აბრეშუმზე მინდა, რომ განახლდეს ის დავიწყებული მემკვიდრეობა, რაც არის აბრეშუმის წარმოება,” – ამბობს იგი.

პერფორმანსის  დროს არტისტმა აბრეშუმის ქსოვილი მოხატა, ხოლო დამსწრე საზოგადოებას ღვინით საკუთარი ნამუშევრის შექმნის საშუალება მისცა.

“მეორე ბუნება”- ელენე რაქვიაშვილის ინტერაქტიური პერფორმანსი. არტისტერიუმი 2017. ფოტო: ნეტგაზეთი/დავით ოქროპირიძე

“მეორე ბუნება”- ელენე რაქვიაშვილის ინტერაქტიური პერფორმანსი. არტისტერიუმი 2017. ფოტო: ნეტგაზეთი/დავით ოქროპირიძე

“ეს არის ინსტალაცია, რომელიც სიმბოლურად ასახავს ქაოსს. ხედავთ მიმართულებას, გადის და გამოდის, თითქოს იკარგება,” – ამბობს ელენე.

ღვინით ხატვის ტრადიციის მსგავსად, აბრეშუმის წარმოებაც დღეს უკვე მოგონებაა. აბრეშუმის ღვინით შეფერადებით, ხელოვანის აზრით, განახლდება წარსულის მოგონება: მემკვიდრეობას სხვა დატვირთვა და მნიშვნელობა მიეცემა.

თანამედროვე ხელოვნების თბილისის საერთაშორისო გამოფენა “არტისტერიუმი 2017”-ის ფარგლებში თბილისში კიდევ 3 გამოფენა გაიხსნება – 10, 12 და 14 ნოემბერს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი