ახალი ამბები

კომპანიამ გაფიცვის შემდეგ დათხოვნილებს კომპენსაცია მისცა და აღდგენაც შესთავაზა

8 ნოემბერი, 2017 • 2141
კომპანიამ გაფიცვის შემდეგ დათხოვნილებს კომპენსაცია მისცა და აღდგენაც შესთავაზა

დამსაქმებელმა სამსახურიდან გათავისუფლებულ ორ თანამშრომელს 5 თვის კომპენსაცია გადაუხადა და სამსახურში აღდგენა შესთავაზა. როგორც “სოლიდარობის ქსელი” აცხადებს, მათი ორი წევრი, ვალერი კოლოსოვი და გიორგი ჭეიშვილი შპს “ბს2 ჯორჯიამ” სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა, რის გამოც ორგანიზაციამ სასამართლოსაც მიმართა.

როგორც დასაქმებულების ადვოკატი დავით ომსარაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, “ბს2 ჯორჯიაში” 10 დასაქმებული ხელფასების მომატებას ითხოვდა, რის გამოც ერთი დღით გაიფიცნენ, სამუშაო ადგილებზე დაბრუნების შემდეგ კი ორი თანამშრომელი კომპანიამ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა:

“ეს ბიჭები გაიფიცნენ, ოღონდ ეს გაფიცვა არ იყო მაინცდამაინც კანონიერი. მივიდნენ და თქვეს, რომ ერთი დღე არ იმუშვებდნენ. შემდეგ კომპანიის დირექტორმა მისწერა მათ, რომ დაბრუნებულიყვნენ სამსახურში. ჩვენი პოზიციაც ასეთი იყო, რომ  ისინი უნდა დაბრუნებულიყვნენ სამსახურში. ერთი დღის შემდეგ დაბრუნდა ათივე ადამიანი, თუმცა ორ ადამიანს იქიდან უთხრეს, რომ მათთან აღარ აგრძელებდნენ შრომით ხელშეკრულებებს და მიზეზად მოუყვანეს ის, რომ  შრომით ხელშეკრულებებს ვადა ჰქონდა გასული. ჩვენ როდესაც ვნახეთ მათი შრომის ხელშეკრულებები, მათ ხელშეკრულებებს ვადა ჰქონდა ერთი თვით ადრე გასული. ისინი ჩვეულებრივ აგრძელებდნენ შრომით ურთიერთობას. შესაბამისად, კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ისინი აგრძელებდნენ  შრომით ურთიერთობას ზეპირად და მათი ხელშეკრულება იყო უვადო,” – ამბობს ადვოკატი.

ამის შემდეგ, დასაქმებულებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს, რის შემდეგაც, კომპანიის წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა გამართეს. სხდომის ჩანიშვნის შემდეგ კი კომპანიამ მზადყოფნა გამოთქვა, დასაქმებულებისთვის კომპენსაცია გადაეხადა და სამსახურში აღდგენაც შესთავაზა. საქმის წარმოება კი მორიგების საფუძველზე შეწყდა:

“ჩვენ მოვთხოვეთ კომპანიას, რომ ისინი აღედგინა სამსახურში, რადგან  მიგვაჩნდა, რომ მათი გათავისუფლება იყო უკანონო, რაზეც კომპანიამ გვითხრა უარი. შემდეგ ჩვენ შევიტანეთ სარჩელი. ამის შემდეგ დაგვიკავშირდა  კომპანია და რამდენიმეჯერ გაიმართა შეხვედრა, რის შემდეგაც კომპანიამ გააცნობიერა, რომ არაკანონიერად მოიქცა, ამ შემთხვევაში, არაკანონიერად გაათავისუფლა.

სასამართლო პროცესის ჩანიშვნის შემდეგ კომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ აღედგინა ბიჭები სამსახურში და გადაეხადა 5 თვის კომპენსაცია. ჩვენ გარკვეული მოლაპარაკებების შემდეგ დავეთანხმეთ ამას. კომპანიამ  დაწერა ასევე წერილები და აღიარა, რომ მან უკანონოდ გაათავისუფლა ბიჭები სამსახურიდან და აუნაზღაურა 5 თვის კომპენსაცია დასაქმებულებს. სასამართლომ დაამტკიცა მორიგების პირობები და ამ საფუძვლით  შეწყვიტა საქმის წარმოება,” – ამბობს ადვოკატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი