ახალი ამბებიეკონომიკა

ჯაფარიძე: საპენსიო რეფორმა ბანკებისა და მთავრობის შეთქმულებაა მოქალაქეების წინააღმდეგ

8 ნოემბერი, 2017 • 3294
ჯაფარიძე: საპენსიო რეფორმა ბანკებისა და მთავრობის შეთქმულებაა მოქალაქეების წინააღმდეგ

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ დაგეგმილი საპენსიო რეფორმა არის ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი შეთქმულება მოქალაქეების წინააღმდეგ. ამის შესახებ გირჩის ლიდერმა პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, 2018 წლიდან დაანონსებული საპენსიო რეფორმა, რომელმაც თითქოს 30-40 წლის შემდეგ უნდა უზრუნველყოს საქართველოში დღეს დასაქმებულთა უზრუნველი სიბერე, სინამდვილეში, წარმოადგენს მთავრობისა და ბანკების შეთანხმებულ და წინასწარ გააზრებულ ფინანსურ სქემას, რომლის მიზანია ხელისუფლებისა და მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების უზრუნველყოფა რიგითი მოქალაქეების ჯიბეებიდან ამოღებული მილიარდობით ლარით, ნულოვანი პასუხისმგებლობის პირობებში.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, მთავრობა და ბანკები, მსხვილი ბიზნესისა და ჯიბის ექსპერტების მხარდაჭერით, უსინდისოდ სარგებლობენ მოქალაქეთა გაუთვითცნობიერებლობით და მათზე ზრუნვის საფარქვეშ ცდილობენ საკუთარი ინტერესებისთვის მრავალწლიანი და მრავალმილიარდიანი რესურსის ხელში ჩაგდებას.

რა მასშტაბის ფინანსურ ინტერესზე საუბრობს გირჩის ლიდერი

ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, რომ 2019 წლისთვის საშემოსავლო გადასახადის მოცულობა იქნება დაახლოებით 3 მილიარდი ლარი, ხოლო მთავრობის მიერ შემოთავაზებული და ბანკებისა და მსხვილი ბიზნესის ნაწილის მიერ მხარდაჭერილი სავალდებულო საპენსიო სისტემა გულისხმობს დღეს დასაქმებულთა სახელფასო შემოსავლის 6%-ის გაშვებას სპეციალურ სახელმწიფო ფონდში.

მისი განცხადებით, რადგან საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20%-ია, 2019 წელს, როდესაც სავალდებულო დაგროვებითი პენსიის სახელმწიფო სისტემა გაეშვება, სპეციალურ ფონდში თავს მოიყრის დაახლოებით 900 მილიონი ლარი (3,000,000,000 X 6% / 20%).

ხელისუფლების მიერ მიღებული შესაბამისი კანონის თანახმად, როგორც ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, კანონის ამოქმედებიდან ხუთი წლის განმავლობაში, საპენსიო ფულის დაბანდება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ნაკლებრისკიან საინვესტიციო პორთფელში.

მისი განმარტებით, აქედან უცხოეთში განთავსების მაქსიმალური ზღვარი ნაკლებად რისკიანი პორტფელისთვის განსაზღვრულია – 20%-ზე: “ანუ, 2019 წელს მობილიზებული 900 მილიონი ლარიდან უცხოეთში შეიძლება გავიდეს მხოლოდ 180 მილიონი ლარი.”

დანარჩენი, ანუ მინიმუმ 720 მილიონი ლარი, გირჩის ლიდერის თქმით, უნდა ჩაიდოს საქართველოში შემდეგი პრინციპით:

  • 144,000,000  ლარამდე (20%) შეიძლება ჩაიდოს ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებში (აქედან მსხვილი ბიზნესის ინტერესი);
  • 720,000,000 ლარამდე (100%) შეიძლება ისესხოს მთავრობამ შიდა ვალის სახით (აქედან მთავრობის ინტერესი. ცნობისთვის, 2013 წლიდან მოყოლებული დღემდე, ნასესხები და 2018 წლის ჩათვლით დაგეგმილი შიდა ვალის მოცულობა უკვე შეადგენს 2,218,000,000 ლარს. და ეს ვალები ჩვენმა შვილებმა უნდა გადაიხადონ);
  • 675,000,000 ლარამდე (75%) შეიძლება განთავსდეს კომერციული ბანკების დეპოზიტებზე (აქედან ბანკების ინტერესი).

გირჩის ლიდერის თქმით, ეს ყველაფერი მოხდება მხოლოდ 2019 წელს და იოლი წარმოსადგენია, რა მასშტაბებზე გავლენ 30-40 წლის განმავლობაში. მისი თქმით, საპენსიო რეფორმის რეალური არსი არის მხოლოდ ფული: “დიდი ფული, რომელიც პატარა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოცულობებით უნდა ამოიღონ დღეს დასაქმებული მოქალაქეების ჯიბეებიდან და თავი მოუყარონ ვიღაცების ანგარიშებზე.”

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, დაგეგმილი საპენსიო რეფორმით არანაირად ხდება მოქალაქეების სიბერეზე ზრუნვა და ეს ყველაფერი არის უსუნდისო ტყუილი:

“არანაირი წარმატებული მსოფლიო გამოცდილება! არანაირი გრძელი ფული! არანაირი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება! არანაირი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა!”

მისი თქმით, საპენსიო რეფორმით მთავრობასა და ბანკებს უნდათ მოქალაქეების ჯიბეებიდან ცოტ-ცოტა ფულის ამოღება, ერთ ყულაბაში შეგროვება და შემდეგ დიდი ფულის კეთება წლების განმავლობაში, ხოლო მომავალ თაობებს მრავალი წელი მოუწევთ ვალების გასტუმრება გადახდილი გადასახადებით.

ამავე დროს, როგორც ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, არ არსებობს პენსიის მიღების ან ფულის დაბრუნების არანაირი გარანტია. გირჩის ლიდერი მოუწოდებს მოქალაქეებს, არ მოატყუებინონ თავი მთავრობასა და ბანკებს, დაიცვან მათი ფული, მათი საკუთრება.

საპენსიო რეფორმის შესახებ

  • 31 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანისთვის.
  • კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო რეფორმაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში, მათი ასაკის მიუხედავად.
  • საპენსიო რეფორმა გავრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ასევე, მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც არიან დასაქმებული ან თვითდასაქმებული და იღებენ შემოსავალს. დასაქმებული გადაიხდის ანაზღაურების 2%-ს, ხოლო 2-2%-ს გადაიხდიან დამსაქმებელი და სახელმწიფო.
  • კანონპროექტის ავტორები ეკონომიკის სამინისტრო და ეროვნული ბანკი არიან. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტი პარლამენტში 2017 წლის ბოლომდე შევა, მისი ამოქმედება პროექტის მიხედვით 2018 წლის მე-3 კვარტლიდან იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი