ახალი ამბებიეკონომიკა

რა იცვლება სახელმწიფო პროგრამაში – “აწარმოე საქართველოში”

8 ნოემბერი, 2017 • 2923
რა იცვლება სახელმწიფო პროგრამაში – “აწარმოე საქართველოში”

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. როგორც პროგრამის ხელმძღვანელი მარიანა მარგოშია ამბობს, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, პროგრამა უფრო მორგებული გახდება ბიზნესის საჭიროებებზე და მის მიმართ ინტერესი გაიზრდება.

კერძოდ, აღნიშნული ცვლილებებით, პროგრამის ბენეფიციარებისთვის შესაძლებელი გახდება კრედიტით და ლიზინგის სერვისით სარგებლობა, რაც აქამდე დასაშვები არ იყო. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების რეფინანსირება კი იმავე ვალუტაში მოხდება, თუ არ გაიზრდება სააგენტოს მხრიდან დაფინანსება და ვადები.

“ასევე, სააგენტოს მიერ წარდგენილი ცვლილებებით, საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის გამოყენებისას, ფრენჩაიზინგის თვალსაზრისით გადახდა იქნება საქმიანობის დაწყებიდან 24 თვის განმავლობაში. არსებული რედაქციით შესაძლებელი იყო, რომ ფრენჩაიზინგის საფასურის გადახდა მომხდარიყო  ხელშეკრულების გაფორმებამდე პერიოდშიც, ახლა კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან რაც იქნება გადახდილი სასტუმროების მხრიდან ფრენჩაიზინგის გადასახადი, მხოლოდ ამ თანხის თანადაფინანსება, ტექნიკური ტიპის დაზუსტება” – ამბობს მარგოშია.

“აწარმოე საქართველოში” ცვლილებებს განახორციელებს კინოინდუსტრიის მიმართულებითად. კერძოდ, აუდიოვიზუალური პროდუქციის სადისტრიბუციო ქონების რაოდენობა მცირდება სამიდან ერთამდე. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ერთ ქვეყანაში მაინც   მოხდება აღნიშნული პროდუქციის დისტრიბუცია, შესაძლებელი იქნება, რომ დაფინანსება სააგენტოსგან მიიღოს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება პარალელური კრედიტის პროცენტის თანადაფინანსების ვადებს ეხება:

“ბენეფიციარების მიერ პარალელური კრედიტის აღების შემთხვევაში, აღნიშნული პარალელური კრედიტის პროცენტის თანადაფინანსება და უზრუნველყოფაში თანამონაწილეობის ვადა დაითვლება ახლიდან და აღარ იქნება მიბმული პირველ სესხზე.  პროექტის “აწარმოე საქართველოში” პირველი რედაქციით როდესაც გაიცემოდა სესხები, პირველი სესხის ვადაზე იყო მიბმული პარალელური სესხის გაცემა. ანუ, თუ მე ავიღებდი, მაგალითად, 24 თვის თანადაფინანსებით პირველ თვეში სესხს, ერთი წლის შემდეგ რომ ამეღო სესხი, დარჩენილი თანადაფინანსების ვადა იქნებოდა მხოლოდ ერთი წელი და არა 24 თვე. შესაბამისად,  პარალელურ კრედიტს ექნება თავისი ვადა, თავისი თანადაფინანსებით, რომელიც  განსაზღვრული იქნება ორი წლის განმავლობაში. ეს მნიშნველოვანი ცვლილებაა ბენეფიციარებისათვის და ვფიქრობთ, მომართვიანობის თვალსაზრისით, ბიზნესის გაფართოების თვალსაზრისით, აუცილებად გაზრდის ინტერესს სახელმწიფო პროგრამის მიმართ” – ამბობს მარგოშია. 

სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, 4 წლის მანძილზე 170-მდე პროექტი დაფინანსდა, მათმა ჯამურმა ინვესტიციამ კი 400 მილიონი ლარი შეადგინა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა, მხოლოდ ამ ინვესტიციების საშუალებით ქვეყანაში 7 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი