ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ეროვნული კრიპტოვალუტის გამოშვებაზე ფიქრობენ

8 ნოემბერი, 2017 • 2518
აფხაზეთში ეროვნული კრიპტოვალუტის გამოშვებაზე ფიქრობენ

Apsnypress.info-სთან ინტერვიუში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა იმედს გამოთქვამს, რომ აფხაზეთი “პირველი ქვეყანა იქნება მსოფლიოში, რომელიც საკუთარ, ეროვნულ კრიპტოვალუტას [ციფრული, ვირტუალური ფული] გამოუშვებს”.

“თუ ამის გაკეთებას მალე შევძლებთ, რისი დიდი იმედიც მაქვს, პირველი ქვეყანა ვიქნებით მსოფლიოში, რომელიც საკუთარ ეროვნულ კრიპტოვალუტას გამოუშვებს. ამ კუთხით ბევრი ქვეყანა აქტიურად მუშაობს. მაგალითად, არც ისე დიდი ხნის წინ, რუსეთის ფედერაციის კავშირგაბმულობისა და მასობრივი კომუნიკაციების მინისტრმა ნიკოლაი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთი კრიპტორუბლის შექმნას გეგმავს”.

მისივე თქმით, ესმის სკეპტიკოსების და იმ ხალხის, ვინც მსგავს იდეებს სიფრთხილით ეკიდება, თუმცა აქვე აცხადებს, რომ “აქ ერთი რამის გათვალისწინებაა საჭირო, როდესაც ეს ტექნოლოგიები გასაგები და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, როდესაც უმსხვილესი ქვეყნები საკუთარი კრიპტოვალუტის ემიტენტები [მწარმოებელი] გახდებიან, აფხაზეთისთვის ეს შესაძლებლობები დაიხურება. 

პოტენციური ინვესტორებისათვის აფხაზეთის მიმზიდველობა კრიპტოვალუტის აქტივების ბრუნვისა და ინკორპორაციისთვის ყველაზე კომფორტულ პირობებს უნდა ეფუძნებოდეს, რომელსაც ჩვენ შევქმნით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ ფინანსური სისტემის კლასიკური ვარიანტი არ გაგვაჩნია, რისკი მინიმალურია”, – ამბობს არძინბა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი