ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოს სასამართლო აფგან მუხთარლის შინაპატიმრობაზე კვლავ უარს აცხადებს

8 ნოემბერი, 2017 • 2120
ბაქოს სასამართლო აფგან მუხთარლის შინაპატიმრობაზე კვლავ უარს აცხადებს

ბაქოს სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის დაცვის მხარის შუამდგომლობა მისი შინაპატიმრობის შესახებ არ დააკმაყოფილა.

7 ნოემბერს ბაქოს ნასიმის რაიონის სასამართლომ განიხილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აფგან მუხთარლის შინაპატიმრობაში გადაყვანის შესახებ.

“გამოძიების დაწყებიდან უკვე მეოთხეჯერ ვიყენებთ მსგავს შუამდგომლობას. დღემდე ჩვენს შუამდგომლობაზე სასამართლოს არგუმენტია, რომ “აფგან მუხთარლიმ თავისუფლებაზე ყოფნისას შესაძლოა გამოძიების მიმდინარეობაზე გავლენა მოახდინოს”, თუმცა არ ყოფილა ნათელი განმარტებები და დასაბუთება იმისა, თუ როგორ შეიძლება მუხთარლიმ შინა პატიმრობაში, როდესაც გარე სამყაროსთან შეზღუდული კონტაქტი ექნება, პროცესზე გავლენა მოახდინოს”, – განაცხადა ადვოკატმა კავკაზსკი უზელთან.

მეორე მხრივ, ადვოკატის განმარტებითვე, წინასწარი გამოძიება უკვე დასრულებულია და ამ არგუმენტმა ლოგიკური საფუძველი დაკარგა.

როგორც ის ამბობს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე მუხთარლის იზოლატორში ყოფნა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა, რასაც აუცილებლად გაასაჩივრებენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

იქამდე კი აზერბაიჯანის პირველი ინსტანციის სასამართლოს უარი შინაპატიმრობაზე სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაიტაცეს და ბაქოში დოკუმენტების გარეშე გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი