IDFI-მ ჩართულობის მხრივ ყველაზე კარგი კანონპროექტისთვის ეკონომიკის სამინისტრო დააჯილდოვა

დღეს, 8 ნოემბერს, ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინტიტუტის (IDFI) და USAID-ის პროექტის “მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში” (G4G) მიერ ორგანიზებულ საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების მეორე წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე 40-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელი შეიკრიბა.

IDFI-სგან 2016-17 წლებში ყველაზე კარგი შეფასება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაიმსახურა.

ეკონომიკის სამინისტროს ჯილდო გადაეცა კანონპროექტის “საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი” შემუშავების პროცესში კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფისთვის.

IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელს ზურა მესხს გადასცემს ყველაზე კარგი კანონპროექტისთვის ჯილდოს. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

უწყების დაჯილდოვებამდე, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, თამარ იაკობიძემ და ნინო მერებაშვილმა წარადგინეს საჯარო და კერძო სექტორის მიერ პარლამენტში კანონის ინიცირებამდე კერძო სექტორთან დიალოგის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითები და ამ მიმართულებით 2016-2017 წლების საქართველოს შედეგები. ასევე, ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება საქართველოში ამ მიმართულებით და საჯარო სექტორისთვის რეკომენდაციები გასცეს.

კანონპროექტების შესაფასებლად IDFI-მ გადაარჩია 2016 წლის სექტემბრიდან ინიცირებული 10 კანონპროექტი. კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შესაფასებლად პროექტის გუნდმა, პირველ რიგში, ჩაატარა ინტერვიუები კანონპროექტის ავტორებთან. ორგანიზაციის ცნობით, ინტერვიუებისთვის გამოყენებული იყო წინასწარ მომზადებული სახელმძღვანელო კითხვები, რომლებიც მოიცავს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა: ინფორმაციის არსებობა მიმდინარე რეფორმის შესახებ, ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობის ხარისხი, ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მიღებული უკუკავშირის ხარისხი, შედეგი და ა.შ. კანონპროექტის ავტორებისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, ტარდებოდა მეორადი ინტერვიუები.

“ეფექტური დიალოგი კერძო და საჯარო სექტორებს შორის კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოში, სადაც ჩართულობა განსაკუთრებით პრობლემურია პოლიტიკის შემუშავების საწყის ეტაპებზე – სანამ მოხდება ცვლილების ფორმალური ინიცირება პარლამენტში. მეორე წლიური ანგარიშის შედეგები აჩვენებს, რომ წინა წლის მსგავსად საქართველოში კერძო და საჯარო სექტორებს შორის ეფექტურ დიალოგს არ აქვს რეგულარული სახე, პროცესი კი შორს არის ინსტიტუციონალიზებისგან,” – აცხადებს IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი.

IDFI-ის კვლევის შედეგები:

  • არ არსებობს კერძო სექტორის მიერ კანონის პარლამენტში ინიცირებამდე საჯარო სექტორის ჩართულობის სამართლებრივი ვალდებულება;
  • საჯარო სექტორის წარმომადგენლების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აცნობიერებს კერძო სექტორთან დიალოგის საჭიროებას;
  • პირველი და მეორე წლიური ანგარიშის ფარგლებში სულ შეფასებული 34 კანონპროექტის შემთხვევაში, კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ხარისხი შედარებით უფრო მაღალი იყო ისეთ შემთხვევებში, როდესაც პროცესში ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგალითად: მსოფლიო ბანკი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ევროკავშირი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება და სხვა;
  • კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ხარისხი განსხვავდება ერთსა და იმავე უწყების მიერ ინიცირებული სხვადასხვა კანონპროექტის მიხედვით. შესაბამისად, დიალოგის მაღალი ხარისხით წარმართვა ერთი კანონპროექტის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას იმავე უწყების მიერ ინიცირებულ სხვა კანონპროექტებშიც.
  • არ არსებობს რეგულირების გავლენის შეფასების როგორც საჭიროების, ისე პრაქტიკული გამოყენების გააზრება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზეგავლენის მქონე კანონპროექტების შემთხვევაშიც კი. რეგულირების გავლენის სიღრმისეული შეფასების ჩატარების პირდაპირი ვალდებულებების არარსებობის პირობებში, კანონპროექტის ავტორები, როგორც წესი, შემოიფარგლებიან განმარტებითი ბარათით. განმარტებით ბარათში მოცემული ინფორმაცია კი ხშირად მწირი და ზედაპირულია, არ არის გამყარებული საჯაროდ ხელმისაწვდომი კვლევებით და არ ხდება ამ შეფასების უფრო ფართო საჯარო დისკუსიაში გამოყენება კანონპროექტის ინიცირებამდე.

კანონპროექტების რეიტინგი (ცხრილი)

© IDFI

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.