ახალი ამბები

მედიის თვითრეგულირებიდან რეგულირებამდე – რისი შეცვლა სურს კომუნიკაციების კომისიას

9 ნოემბერი, 2017 • 3784
მედიის თვითრეგულირებიდან რეგულირებამდე – რისი შეცვლა სურს კომუნიკაციების კომისიას

პორნოგრაფიის განთავსების, შუღლის გაღვივების, ომის პროპაგანდის აკრძალვა და სხვა საკითხები, რომლებიც აქამდე მაუწყებლის თვითრეგულირების სფეროს განეკუთვნებოდა, შეიძლება სახელმწიფოს რეგულირების ქვეშ მოექცეს. ამაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები სახელმწიფოს მხრიდან მედიის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს ხედავენ.

კანონპროექტის ინიციატორი და ავტორი კომუნიკაციების ეროვნული კომისიაა (GNCC).

რას ითვალიწინებს კანონპროექტი?

მაუწყებლობის შესახებ კანონის 56-ე მუხლი თვითრეგულირების სფეროდან რეგულირების სფეროში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დღეს ამ მუხლის დარღვევის შემთხვევაში მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმს უნდა მოეხდინა რეაგირება, ეს უკვე სახელმწიფოს რეგულირებაში მოექცევა, ამ საკითხზე GNCC იმსჯელებს და შესაძლოა სასამართლოსაც მიმართოს.

 56-ე მუხლის მიხედვით:

1. იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა;

2. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის;

3. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას;

4. იკრძალება პორნოგრაფიის განთავსება;

5. იკრძალება ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების იმ დროს განთავსება, როცა მათ მიერ ამ პროგრამების ნახვის ან მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს;

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამა ან რეკლამა (გარდა ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შემლახავი პროგრამისა ან რეკლამისა) შეიძლება განთავსდეს მხოლოდ კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

დღეს მოქმედი კანონით, 56-ე მუხლის დარღვევაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. GNCC-ის მიერ მომზადებული ცვლილების პროექტით კი ამ მუხლზე რეაგირება თვითრეგულირების მექანიზმით აღარ ხდება და მას სახელმწიფო არეგულირებს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია განმარტავს, რომ ამ ცვლილებების საჭიროება დააყენა აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევროდირექტივამ, რომელთანაც შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება განსაზღვრულია ასოცირების ხელშეკრულებით.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) წარმომადგენელი, ლიკა საჯაია ამ დირექტივასთან დაკავშირებით ამბობს, რომ იქ არსად არ არის ნათქვამი, რომ აუცილებელია, ეს რეგულირების სფეროში იყოს და ამავე დირექტივის თანახმად, თვითრეგულირების მექანიზმი ეფექტიან საშუალებად უნდა იყოს აღიარებული.

“ჩვენი ხედვით, როდესაც დირექტივა საუბრობს, რომ უნდა იყოს შექმნილი შესაბამისი რეაგირების ეფექტური საშუალებები, ამ ეფექტურ საშუალებებში თავისუფლად შეიძლება მოიაზრებოდეს და მოიაზრება კიდეც თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი,”- აცხადებს საჯაია.

რამდენად საშიშია ეს ცვლილება მედიაგარემოსთვის?

“თვითრეგულირება და თითრეგულირების სფეროს შეზღუდვა პირდაპირ კავშირში იქნება მედიის თავისუფლების შეზღუდვასთან. მით უმეტეს, ისეთი დემოკრატიის განვითარების ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო, ეს თემა არის გაცილებით მეტად საფრთხილო, ვიდრე მყარი დემოკრატიის ქვეყნებში იქნებოდა,”- ამბობს TI-ის წარმომადგენელი ლიკა საჯაია.

მისივე თქმით, ამ მუხლის რეგულირებაში გადატანა ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილებასაც, როდესაც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები,  გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე ამ საკითხების რეგულირებაში გადატანას ითხოვდნენ, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

“ბოლოს დავის საგანი გახდა 56-ე მუხლი, სწორედ ის ნორმა, რომლის შეცვლასაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია აპირებს. აქ სასამართლომ მეოთხე პუნქტის მხოლოდ ერთი წინადადება, რომელიც არის “იკრძალება მოქალაქის ღირსების და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის, ან რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს უხამსობას” –  გადაიტანა თვითრეგულირების სფეროდან რეგულირების სფეროში. სხვა  შემთხვევაში აღნიშნა, რომ თვითრეგულირების სფეროს შეზღუდვას გავლენა ექნებოდა მედიის თავისუფლებაზე. ეს საკანონმდებლო წინადადება ერთგვარად საკონსტიტუციო სასამართლოსთანაც მოდის წინააღმდეგობაში, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი ისაა, მედიის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე რა გავლენას მოახდენს,”- განაცხადა ლიკა საჯაიამ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი მიიჩნევს, რომ GNCC-იმ ხელი უნდა შეუწყოს მაუწყებლების თვითრეგულირების გაძლიერებას და არა პირიქით, ამიტომ ქარტია ამ ცვლილებებს ეწინააღმდეგება

“პრობლემა იმაში მდგომარობს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყოს თვითრეგულირების მექანიზმის გაძლიერებას დ ეფექტიანად მუშაობას, პირიქით, ცდილობს, რომ რეგულრებაში გადაიყვანოს… შეიძლება, კეთილი მიზნებისთვის იყოს გამოყენებული ეს ჩანაწერი, რეალურად შუღლის გაღვივება თუ გვექნება ეთერში, ეს იყოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დისკუსიის საგანი, მაგრამ, ჩვენ ვიცით, როგორ პირიქით ბრუნდება ხოლმე ყველაფერი ამ ქვეყანაში და ისევ პასუხისმგებლიან მედიასაშალებებს უბრუნდება ცუდად მსგავსი ჩანაწერები. ამიტომ მგონია, რომ პრობლემის გადაწყვეტის არასწორი გზაა დანახული,”- განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

მისივე თქმით, უნდა გაფართოვდეს “დაინტერესებული პირის” ცნება და ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს მაუწყებლის თვითრეგულირებისთვის მიმართვა, რათა ეფექტიანი გახდეს და რეალურად ამუშავდეს თვითრეგულირების მექანიზმი, თუმცა ამ კუთხით კომისია არ მუშაობს:

“არანაირი რეაქცია არ აქვს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას იმაზე, რომ მთელი წლის განმავლობაში მაუწყებელი პრაქტიკულად არ იღებს საჩივრებს. ქარტიაში წელს 60-ზე მეტი განცხადება გვაქვს მიღებული და მათი დიდი ნაწილი ტელევიზიებს უკავშირდება. სულ 4 კაცი ვართ ადმინისტრაციაში, საბჭოს წევრები კი არანაირ ანაზღაურებას არ იღებენ, ავუდივართ ამდენ განცხადებას. თუკი დაინტერესებული პირის ცნებას გავაფართოვებთ, არ მგონია, თითოეულ მაუწყებელში იმდენი განცხადება შევიდეს, რომ კოლაფსი გამოიწვიოს. დარწმუნებული ვარ, რიგმა მაუწყებლებმა საერთოდ არ იციან, რომ ასეთი მექანიზმი უნდა ჰქონდეთ შექმნილი. პრაქტიკულად, არცერთი ღონისძიება არ გვინახავს, რომელიც ხელს შეუწყობდა თვითრეგულირების გაძლიერებას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან,”- ამბობს ნატა ძველიშვილი.

მისივე თქმით, ერთადერთი, შესაძლოა ამ მუხლიდან რეკლამის ნაწილში იყოს მიზანშეწონილი თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადასვლა, რადგანაც მაუწყებელი არ არის ვალდებული, რეკლამის შინაარსში ჩაერიოს. სხვა შემთხვევაში, მისთვის თვითრეგულირების სფეროს შეზღუდვა მიუღებელია.

ტელეკომპანია კავკასიის დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს ამ საკითხზე განსხვავავებული აზრი აქვს. მისი არგუმენტი იყო ის, რომ მაუწყებლის თვითრეგულირება ფორმალურად არსებობს და გადაწყვეტილება ტელევიზიის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

“ზოგადად, ამ 56-ე მუხლის რეგულირების სფეროში გადატანის წინააღმდეგი არ ვარ, რომ არა ის საფრთხეები, რაზეც ნატა ძველიშვილი საუბრობდა, რომ შესაძლოა ბოროტად გამოყენება მოხდეს და ცუდად ინტერპრეტაცია… ეს კომისია ყველგან არის ფორმალურად – რომ შეიტან, მხოლოდ ტელევიზიის კეთილ ნებაზე არის დამოკიდებული. თუ არ დაგიკმაყოფლებს, მართლაც რომ საშინელი ქეისი იყოს და მართლაც რომ დააბრალო ადამაინს, რომ ბავშვი შეჭამა, არ მისცე უფლება თქვას, რომ არ შემიჭამია ბავშვი, აქვს ტელევიზიას უფლება, რომ ამის საშუალება არ მოგცეს, ფორმალისტურად, ტელევიზია განიხილავს, გეტყვის უარს და მორჩა. ანუ არის რაღაც მუხლები, რომლებიც, შესაძლოა საფრთხილო ჩანდეს. კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ, როგორ არის ეს მუხლები ევროპულ კანონმდებლობაში წარმოდეგენილი და სიტყვა-სიტყვით გავიაროთ,”- განაცხადა ჯანგირაშვილმა.

ჯანგირაშვილის ამ პოზიციასთან დაკავშირებით შეხვედრაზე დამსწრე ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დღეს მართლაც არაეფექტურია თვითრეგულირების მექანიზმები და ამიტომ უნდა იმუშაონ მისი გაძლიერების მიმართულებით.

GNCC-ის პოზიცია

„მაუწყებლობის შესახებ“ 56–ე მუხლთან დაკავშირებით GNCC-იმ განცხადება გამოაქვეყნა. ამ განცხადების თანახმად, კომისია მიიჩნევს,  რომ ამჟამად ქმედითი მექანიზმით არ არის დაცული ამ მუხლის დარღვევა:

“ომის პროპაგანდის, რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხის შემცველი პროგრამების, პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი, უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის  და სხვ. განთავსება არ იწვევს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას მაუწყებლისთვის და მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მაუწყებლისთვის ასეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელების აკრძალვის ქმედით მექანიზმებს,”- აცხადებს კომისია.

მათვე მოჰყავთ არგუმენტი აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევროდირექტივის შესრულების შესახებ, რომლის შინაარსსაც, როგორც ამ განცხადებით ირკვევა, TI და GNCC სხვადასხვანაირად კითხულობენ.

“აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევროპული დირექტივის მე-6 მუხლის თანახმად, წევრი სახელმწიფოები შესაბამისი საშუალებებით უზრუნველყოფენ, რომ მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფი მედიამომსახურების მიმწოდებლების მიერ მიწოდებული აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურება არ შეიცავდეს რასობრივი, სქესობრივი, რელიგიური ან ეროვნული ნიშნით სიძულვილის გაღვივებას… ამავე ევროპული დირექტივის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წევრი სახელმწიფოები მიიღებენ შესაბამის ზომებს, რომ მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფმა მაუწყებლებმა არ განათავსონ პროგრამები, რომელთაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ არასრულწლოვნების ფიზიკურ, გონებრივ ან ზნეობრივ განვითარებას, განსაკუთრებით, პროგრამები, რომლებიც შეიცავენ პორნოგრაფიას ან გაუმართლებელ ძალადობას,”- აცხადებს GNCC.

კომისიის ცნობითვე, ისინი უცხოელ ექსპერტებთან ერთად მუშაობდნენ საქართველოს კანონმდებლობასა და მითითებულ დირექტივას შორის შეუსაბამობების დადგენასა და შესაბამისი ცვლილებების შემუშავებაზე, რამაც წარმოდგენილ კანონპროექტში პოვა ასახვა.

“ექსპერტების მიერ კომისიისთვის მოცემული რეკომენდაციების თანახმად, ზემოაღნიშნული საკითხებზე რეაგირება სწორედ მაუწყებლობის სფეროს მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილებას უნდა წარმოადგენდეს,”- აცხადებს GNCC.

მასალების გადაბეჭდვის წესი