როგორ დაასრულა მუშაობა მეხუთე მოწვევის თბილისის საკრებულომ

7 ნოემბერს დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მეხუთე მოწვევის ბოლო სხდომა გაიმართა. თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 30 საკითხი განიხილეს, რომელიც სხდომის მონაწილეებს მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებმა და უფროსებმა გააცნეს.

დეპუტატებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის დადგენილებაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს და საკადასტრო ერთეულების გაცვლის ფორმით პრივატიზების და დაინტერესებულ პირებთან გასაფორმებელი შესაბამისი ხელშეკრულების პროექტის შეთანხმების, ასევე, თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 24 ოქტომბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით გათვალისწინებული პირობის შესახებ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის, კარლო ლაფერაძის მიერ წარმოდგენილი საკითხები განიხილეს.

საკრებულოს წევრებმა თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს, დადებითი რეკომენდაცია მისცეს და თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას მხარი დაუჭირეს.

სხდომაზე დეპუტატებმა თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური, მრავალფუნქციური და საცხოვრებელი კომპლექსების, ასევე სავაჭრო ცენტრის, სპორტული მოედნების, დახურული აუზისა და საწყობების განაშენიანების რეგულირების გეგმისა და გეგმარებითი დავალებების პროექტები განიხილეს, რომლებიც საკრებულოს წევრებს თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა ნესტან ადვაძემ წარუდგინა.

ბოლო სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ, ტრადიციულად, ერთხმად დაუჭირა მხარი საპატრიარქოსთვის მოძრავი ქონებისა და ორი მიწის ნაკვეთის უფასოდ გადაცემის საკითხს. გადაცემული მიწის ნაკვეთებია – ბეთლემის ჩიხის მიმდებარედ 19 კვ.მ. თავისი შენობა-ნაგებობით და გომის ქუჩის მიმდებარედ არსებული 249 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

მეხუთე მოწვევის თბილისის საკრებულოს წევრები. ფოტოზე ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა არ ჩანს. მათმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად არ მიიღო სხდომაში მონაწილეობა

მეხუთე მოწვევის თბილისის საკრებულომ მმართველი გუნდის წევრების აპლოდისმენტებით და ოვაციებით დაასრულა მუშაობა. საკრებულოს დეპუტატებმა სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს, თუმცა ფოტოსესიაში ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო, მათი ნაწილი კი პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა სხდომას.

საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა კოლეგებს, აპარატის თანამშრომლებსა და მედიის წარმომადგენლებს სამწლიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მეხუთე მოწვევის საკრებულოს საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“მე ამაყი ვარ, რომ თქვენთან ერთად ძალიან ბევრი კონსტრუქციული, დედაქალაქსა და ჩვენს მოქალაქეებზე ორიენტირებული გადაწყვეტელება მივიღე,” – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა და მეექვსე მოწვევის საკრებულოს დეპუტატებს წარმატებები უსურვა.

მმართველი გუნდის ლიდერებმა დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში იმედი გამოთქვეს, რომ მეექვსე მოწვევის საკრებულო უფრო კონსტრუქციული იქნება და დედაქალაქისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს.

თბილისის საკრებულოს ბოლო სხდომას, გიორგი ონიანის დაკავების გამო, პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები. ხდომაში მონაწილეობა არ მიიღო კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერმა. პროტესტის ნიშნად თბილისის საკრებულო სექტემბრის ბოლოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა დატოვა – მას შემდეგ, რაც საკრებულომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების სასარგებლოდ მიწის ორ ნაკვეთს, სულ 6600 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთს, ზონალური სტატუსი შეუცვალა, რათა იქ მშენებლობა გახდეს შესაძლებელი.

მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მეხუთე მოწვევის საკრებულოს მუშაობას აკრიტიკებს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, არაერთგან უმუშავია, მაგრამ ამდენი უსაქმური და არაფრისმკეთებელი ადამიანი ერთად არსად უნახავს. ელისაშვილმა იგულისხმა მხოლოდ საკრებულოს დეპუტატები და არა რიგითი თანამშრომლები. მისი თქმით, დეპუტატების არასწორი გადაწყვეტილებების მიღების გამო, სწორედ საკრებულოს რიგით თანამშრომლებს ატყდებოდათ მოქალაქეების რისხვა.

ცესკოს განკარგულებით, 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველი სხდომა 2017 წლის 14 ნოემბერს, 11:00 საათზე, საკრებულოს შენობაში გაიმართება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.