ახალი ამბები

სააკაშვილის თქმით, უკრაინაში ლეგალურად ყოფნის საბუთი მიიღო

7 ნოემბერი, 2017 • 3143
სააკაშვილის თქმით, უკრაინაში ლეგალურად ყოფნის საბუთი მიიღო

მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინის საემიგრაციო სამსახურისგან დოკუმენტი მიიღო, რომელიც ამტკიცებს, რომ ამ ეტაპზე, უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფება. ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ფეისბუქ გვერდზე დაწერა და დოკუმენტის ამსახველი ფოტოსურათიც გამოაქვეყნა. სააკაშვილის თქმით, ამის შემდეგ მოქალაქეობის დაბრუნებას სასამართლოს გზით შეეცდება.

ექსპრეზიდენტის მიერ გავრცელებული დოკუმენტის გაცემის თარიღად 31 ოქტომბერია მითითებული, ვადა კი 7 დეკემბერს ეწურება.

პარალელურად, კიევში, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ამ დრომდე მიმდინარეობს ოპოზიციის აქცია, სადაც მთავრობის გადადგომას ითხოვენ. დღეს მომიტინგეებმა რადას გადაწყვეტილება იზეიმეს, რომლის ძალითაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შევიდა. მომიტინგეებს დღეს მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა და ოპოზიციის სხვა მოთხოვნებზე ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქე აღარაა 2015 წლიდან, როდესაც უკრაინაში ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა. თუმცა შემდეგ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციაში გადავიდა.

მიუხედავად მოქალაქეობის ჩამორთმევისა, სააკაშვილმა 7 სექტემბერს უკრაინის საზღვარი მხარდამჭერების დახმარებით გადაკვეთა, რის შემდეგაც ჯერ ლვოვში, შემდეგ კი, 19 სექტემბერს, კიევში ჩავიდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი