ახალი ამბებიეკონომიკა

მსხვილი ბიზნესის ნაწილი საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს, თუმცა აქვს “კრიტიკული აზრიც”

7 ნოემბერი, 2017 • 2225
მსხვილი ბიზნესის ნაწილი საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს, თუმცა აქვს “კრიტიკული აზრიც”

საქართველოში მოქმედი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი ხელისუფლების მიერ დაანონსებულ საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს, თუმცა აქვთ გარკვეული კრიტიკული მოსაზრებები. ამის შესახებ დღეს საქართველოს ბიზნესასოციაციისა და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

ბიზნესასოციაცია 70-მდე მსხვილ კომპანიას აერთიანებს.

“აბსოლუტურად გულახდილად გეტყვით, რისკი არის ის, რომ ეს რეფორმა არ განხორციელდეს. ეს რეფორმა უნდა განხორციელდეს”, – განაცხადა ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ, რომელიც პარალელურად ბიზნესასოციაციის პირველი ვიცეპრეზიდენტია.

რაც შეეხება იმას, თუ რა შეკითხვები ჰქონდათ ბიზნესის წარმომადგენლებს, საუბარია 2 ძირითად მიმართულებაზე: როგორ დაკომპლექტდება საინვესტიციო საბჭო, რომელიც საპენსიო ფონდის მმართველი ორგანო იქნება, და მეორე – რა მიმართულებით განახორციელებს ინვესტიციას.

„ძირითადი თანხების ინვესტირება მოხდება ჩვენი ქვეყნის შიგნით, თუმცა საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრა დამოკიდებული იქნება საინვესტიციო საბჭოზე. თუ ქვეყანაში ამოიწურა ის აქტივები, სადაც შეიძლება თანხების ინვესტირება, შეიძლება გარკვეული ნაწილი უცხოეთში განთავსდეს“, – აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

“ჩვენი რჩევაა, რომ თანხები კორპორაციული საფინანსო ქაღალდების მიამრთულებით იყოს მიმართული, რათა ამან დამატებითი სტიმული შექმნას კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის.

ჩვენი რჩევა იყო, რომ მაქსიმალურად გამახვილდეს ყურადღება და დაწესდეს ზედა ზღვარი ქვეყნის მიღმა თანხების ინევსტიციის კუთხით, რათა არ მოხდეს ფონდში აკუმულირებული სიკეთის ქვეყნიდან გადინება, არამედ  უზრნველყოფილი იყოს ამ ფულის ქართულ ეკონომიკაში ჩაბრუნება. ნაკლებად სასურველია საბანკო დეპოზიტები, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები და მეტი ინვესტიცია კორპორტატიული ობლიგაციების მიმართულებით”, – ამობს ლაშა ბზარაშვილი, 4Finance -ს გენერალური დირექტორი. Vivus.ge არის ჯგუფი „4Finance“-ის ბრენდი, რომლის მთავარი პროდუქტი ონლაინ სესხებია.

“შენიშვნებს ვერ დავარქმევ. ძირითადად იყო მოსაზრებები, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ეს კანონპროექტი და კიდევ უფრო დაიხვეწოს”, – ამბობს ნინო ჯავახაძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

მსხვილი ბიზნესისგან განსხვავებით, მცირე მეწარმეების ნაწილი აცხადებს, რომ მძიმე ტვირთად დააწვებათ საპენსიო რეფორმით გათვალისწინებული დამატებითი გადასახადი (2%). ეკონომიკის საკითხების სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამან შესაძლოა უმუშევრობა კიდევ უფრო გაზარდოს, ან დამსაქმებლებმა გაზრდილი გადასახადის სანაცვლოდ დასაქმებულებს შეუმცირონ ხელფასი.

TBC ბანკის გენდირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ფიქრობს, რომ კომპანიების 90-95% დასაქმებულებს ამის გამო ხელფასს არ შეუმცირებს, თუმცა მისივე მოლოდინით, შეიძლება იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც სხვაგვარად მოიქცევიან.

სოსო ფხაკაძე თვლის, რომ ეს 2%, რომელიც სინამდვილეში 1.6% გამოდის, რადგან ეს გადასახადი არ იბეგრება, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობაა.

“2% არის ძალიან მცირე კონტრიბუცია. ჩვენ გარშემო ყველა ქვეყანაში ამაზე გაცილებით დიდი კონტრიბუცია არის. შესაბამისად, არ ვფიქრობთ, რომ ამან შეიძლება სერიოზული დაწოლა მოახდინოს შრომით ბაზარზე”, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

ნეტგაზეთის კითხვას, აპირებენ თუ არა ისინი მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრასაც ბიზნესასოციაციის მსგავსად, ჯავახაძემ უპასუხა, რომ ისინი ყველას შეხვდებიან, ვისაც ამის სურვილი ექნება. ჯავახაძე ამტკიცებს, რომ სერიოზულ დაწოლას ზემოხსენებული კონტრიბუცია არც მცირე ბიზნესისთვის გამოიწვევს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები დაინტერესდნენ, საუბარი ხომ არ შეეხო საშემოსავლო გადასახადის შემცირების პერსპექტივას. ბიზნესმენების თქმით, ბიზნესს გადასახადის დაწევა ყოველთვის გაახარებს, თუმცა ეს ნაკლებად რეალურია.

“მთავრობის წარმომადგენლების გათვლებით პირველ წელს დაახლოებით 200-220 მლნ კონტრიბუციას აკეთებს სახელმწფო [საპენსიო რეფორმის] ფარგლებში”, – ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპენსიო რეფორმის პროცესში კერძო სადაზღვევო ბიზნესის ჩართვის საკითხსაც. „ჯიპიაია ჰოლდინგის“ სამედიცინო დირექტორის, ბესიკ ფესტვენიძის აზრით, თუ რეფორმა ისე წარიმართა, როგორიცაა დაგეგმილი, სახელმწიფო და კერძო საპენსიო სისტემები, არა კონკურენციის, არამედ ურთიერთდახმარების რეჟიმში იმუშავებენ. მისი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ექნებათ კერძო სადაზღვევო კომპანიებს რეფორმაში თვითდასაქმებულთა ჩართვის  პროცესში.

ნინო ჯავახაძის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე დაგროვებით საპენსიო სისტემაში დაახლოებით 500-600 ათასი ადამიანი იქნება ჩართული. მისივე განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს საპენსიო სისტემის ე.წ. „მესამე სვეტის“, ანუ კერძო საპენსიო სისტემის შესახებ კანონის პროექტზე მუშაობა. ამასთან, როგორც ნინო ჯავახაძემ აღნიშნა, სადაზღვევო სექტორს საპენსიო რეფორმის პირობებში სამუშაოდ საკმარისი ბაზარი დარჩება.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სულ საქართველოში დაახლოებით 700 000 ადამიანი ცხოვრობს, რომელიც დაქირავებით არის დასაქმებული, დაახლოებით მილიონი თვითდასაქმებულია.

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ბიზნესასოციაციის წევრებს მათი მოსაზრებების გათვალისწინებას დაჰპირდნენ. ნინო ჯავახაძის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის, რომ შეხვედრაზე ბიზნესის, მათ შორის საპენსიო ფონდის თანხების ინვესტირებასთან დაკავშირებით საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა მიერ გამოთქმული შენიშვნები კანონის პროექტში იქნას გათვალისწინებული.



“დაგროვებითი პენსიების შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის. დასაქმებული გადაიხდის ანაზღაურების 2%-ს.  2-2%-ს გადაიხდიან დამსაქმებელი და სახელმწიფო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტი პარლამენტში  2017 წლის ბოლომდე შევა, მისი ამოქმედება პროექტის მიხედვით  2018 წლის მე-3 კვარტლიდან იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი