ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჯარის გადავადების გაუქმების საკითხზე ერევანში 500-მდე სტუდენტი გაიფიცა

7 ნოემბერი, 2017 • 2120
ჯარის გადავადების გაუქმების საკითხზე ერევანში 500-მდე სტუდენტი გაიფიცა

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის 500-მდე სტუდენტმა დღეს, საპროტესტო აქციის დროს განაცხადა, რომ სანამ სამხედრო სამსახურის გადავადების გაუქმების კანონპროექტი პარლამენტში იხილება, უნივერსიტეტში არ ივლიან.

2017 წლის 25 ოქტომბერს სომხეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ჯარის გადავადება შეეხებათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც ოფიცრად მსახურობას აპირებენ. 27 ოქტომბერს სომხეთში სამხედრო სამსახურის აკადემიური მიზნით გადავადების გაუქმებას 98 დეპუტატიდან 89-მ დაუჭირა მხარი.

აქციის მსვლელობის დროს, სტუდენტებმა სხვა უმაღლესი სასწვლებლების სტუდენტებსაც მოუწოდეს, გაფიცვაში მონაწილეობა მიიღონ. ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და სომხეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს სტუდენტების აქციის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ეს სტუდენტების მიერ მოწყობილი პირველი აქცია არ არის, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების გაუქმების კანონპროექტის წინააღმდეგ არის მიმართული. 20 ოქტომბერს სხვადასხვა უნივერსიტეტის 50-მდე სტუდენტმა, განათლების მინისტრ ლევონ მიკირტიჩიანთან შეხვედრის მოთხოვნით, ერევანში მსვლელობა მოაწყო, თუმცა, უშედეგოდ. 25 ოქტომბრის საპროტესტო აქციის დროსაც სტუდენტები თავდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი