ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ემირ კუსტურიცა “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩია”

7 ნოემბერი, 2017 • 3773
ემირ კუსტურიცა “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩია”

“აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების” საქველმოქმედო მოძრაობას სერბი კინორეჟისორი და მუსიკოსი ემირ კუსტურიცა შეუერთდა. რეჟისორს შესაბამისი სერტიფიკატი და მედალი მოსკოვში გადასცეს.  ამის შესახებ რუსული სააგენტო სპუტნიკი წერს.

როგორც აფხაზური მხარე აცხადებს, კუსტურიცამ მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მსოფლიო საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაქციოს აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხს.

“მე, როგორც გაეროს კეთილი ნების ელჩი, მხარს ვუჭერ “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩებს”. აფხაზეთში მდებარე უძველესი ქრისტიანული ტაძრები უნდა იყოს დაცული და მომავალმა თაობებმა ისინი უნდა ნახონ”, – ციტირებს გამოცემა კუსტურიცას სიტყვებს.

ემირ კუსტურიცა, რომელიც 2009 წელს ცხინვალშიცაა ნამყოფი, მიმდინარე წლის 8 დეკემბერს თბილისში ჩამოდის. რუსული მედიის ინფორმაციით, კუსტურიცა ცხინვალში 2009 წელს იმყოფებოდა ფილმისთვის მასალების მოსაძიებლად. ამავე წყაროს მიხედვით, მან საქართველოს აგრესორი უწოდა 2008 წლის კონფლიქტის კონტექსტში. The No Smoking Orchestra, რომლის ლიდერი ემირ კუსტურიცაც არის, საქართველოში არტ მედია გრუპს ჩამოჰყავს. კონცერტი სპორტის სასახელშია დაგეგმილი. კულტურის სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დაგეგმილ კონცერტთან მათ კავშირი არ აქვთ.

ოფიციალური ინფორმაციით, საქველმოქმედო მოძრაობა “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები”, სოციალური მხარდაჭერისა და  სპორტისა და კულტურის სფეროში საქველმოქმედო პროექტების რეალიზაციის გარდა, აფხაზეთის გარეთ მისი პოზიტიური იმიჯის შესაქმნელად მუშაობს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2017 წლის ბოლოს “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები” ევროპარლამენტში გაემგზავრებიან, რათა უშუალოდ ესაუბრონ ევროპარალამენტარებს აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი