ახალი ამბები

“გაუთანაბრდეს პენსია საარსებო მინიმუმს” – აქცია პარლამენტთან

7 ნოემბერი, 2017 • 2119
“გაუთანაბრდეს პენსია საარსებო მინიმუმს” – აქცია პარლამენტთან

„დემოკრატიული განვითარებისა და ინიციატივების ცენტრის” წარმომადგენლებმა პარლამენტთან პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრება მოითხოვეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ასაკობრივ პენსიასთან ერთად, სპეციალური საჭიროების მქონე პირთა დახმარებაც 250 ლარამდე უნდა გაიზარდოს. ამ მოთხოვნით, “დემოკრატიული განვითარებისა და ინიციატივების ცენტრმა” განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესაც:

“დღევანდელი აქცია არის გამაფრთხილებელი, ვაფრთხილებთ მთავრობას და ჩვენს დეპუტატებს, რომ სასწრაფო წესით მოხდეს განხილვა და ის ადამიანები, ვინც ჩვენს მთავრობას და დეპუტატებს გადაავიწყდათ, სასწრაფო წესით მოხდეს მათი პენსიის გაზრდა და საარსებო მინიმუმისთვის გათანაბრება. არც ისე დიდი თანხაა 250 ლარი. განცხადებას შევიტანთ პრემიერის სახელზე, პრეზიდენტის სახელზე, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სახელზე” – ამბობს თამარ იარაჯული.

ლენიკო ლაგვილავა სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვის დედაა. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მის შვილს მუდმივი მზუნველობა სჭირდება, მუშაობას ვერ ახერხებს, 180-ლარიანი პენსია კი ბავშვის საჭიროებებს არ ჰყოფნის:

“ასაკობრივ ჯგუფებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს, რომლებსაც სჭირდებათ საარსებო მინიმუმი. თუნდაც  ბავშვი რომ გყავს სპეციალური საჭიროების მქონე, მას სჭირდება მომვლელი, დედა ვერ გადის სამსახურში. ამიტომ, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, მე მუშაობას ვერ ვახერხებ. სამსახურის პოვნა და ძიძის აყვანაც რთულია, 180 ლარი რას შველის, თვითონ დაფირქდნენ ამაზე” – ამბობს ლაგვილავა ლენიკო.

“დღევანდელი პენსია სამარცხვინოა, ეს არის რაღაც მიზერული დახმარება, რომ პენსიონრები სულ არ დავიხოცოთ. ვითხოვთ პენსიის გაზრდას. ჩვენ გვინდა, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს და არა ორი და სამი წლის შემდეგ. ჩვენ ვითხოვთ, რომ ასაკობრივი პენსია საარსებო მინიმუმს გაუტოლდეს, საკმაისი არც ეს არ არის, მაგრამ რაღაც კაპიკები რომ დაემატება პენსიონერს, მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდება” – ამბობს ეთერ ღუჭუმელია.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ იგეგმება საბაზისო პენსიის 20 ლარით გაზრდა, თუმცა ცვლილება, ქუმსიშვილის თქმით, სავარაუდოდ, 2019-2020 წლებში განხორციელდება.

მთავრობა საპენსიო რეფორმის განხილვას თვის ბოლოდან დაიწყებს. საპენსიო რეფორმის კონცეფციის თანახმად, დასაქმებული და დამსაქმებელი სახელმწიფო საპენსიო ფონდში ყოველთვიურად ორ-ორ პროცენტს შეიტანენ. დაგეგმილი საპენსიო რეფორმის მიხედვით, საწყის ეტაპზე დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩაერთვება ყველა დასაქმებული პირი. დღეს მოქმედი საპენსიო სისტემის თანახმად, ფიქსირებული პენსიების გაცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება. საბაზისო პენსია 180 ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი