ახალი ამბებიეკონომიკა

სოსო ფხაკაძე: ბიზნესასოციაციამ საპენსიო რეფორმის შესახებ 7 შენიშვნა წარუდგინა ხელისუფლებას

7 ნოემბერი, 2017 • 2957
სოსო ფხაკაძე: ბიზნესასოციაციამ საპენსიო რეფორმის შესახებ 7 შენიშვნა წარუდგინა ხელისუფლებას

“ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლებას 7 შენიშვნა წარუდგინა საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ.

ასოციაციის წევრები დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუასა და საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილს შეხვდნენ საპნესიო რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განსახილველად. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.

ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ ამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან მათი ხედვების გათვალისწინების მზაობა არსებობს.

“შენიშვნები იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდება საინვესტიციო საბჭოს წევრების დანიშვნა, როგორ მოხდება თანხების განკარგვა და ა.შ.”, – განაცხადა ფხაკაძემ, – “აბსოლუტურად გულახდილად გეტყვით, რისკი არის ის, რომ ეს რეფორმა არ განხორციელდეს. ეს რეფორმა უნდა განხორციელდეს”.

რაც შეეხება იმას, თუ სად წაიღებს ფონდი დაგროვებულ თანხას, ფხაკაძე ამბობს, რომ ძირითადად ინვესტირება ქვეყნის შიგნით განხორციელდება, საინვესტიციო პოლიტიკას კი საინვესტიციო საბჭო განსაზღვრავს.

რაც შეეხება იმ თანხას, რომლის გადახდაც ბიზნესს მოუწევს, ფხაკაძე ამბობს, რომ ეს სოციალური პასუხისმგებლობაა. მისი თქმით, ეს თანხა არ იბეგრება და, ჯამში, 1.6 პროცენტი გამოდის.

საპენსიო რეფორმა გულისხმობს საპენსიო ფონდის შექმნას და დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას. ფონდში დასაქმებული გადაიხდის ანაზღაურების 2%-ს.  2-2%-ს გადაიხდიან დამსაქმებელი და სახელმწიფო. თვითდასაქმებული ადამიანებს, სურვილის შემთხვევაში, საპენსიო ანგარიშზე 4%-ის შეტანა მოუწევთ.  ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, სახელმწიფოს შენატანი 2%-ზე მეტი გამოსდის, რადგან ამ თანხას  არ ბეგრავს.

საპენსიო რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე 40 წელი უკვე შეუსრულდა. საპენსიო რეფორმაში ჩართვა ნებაყოფლობითია ასევე თვითდასაქმებული ადამიანებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი