ახალი ამბებისამართალი

შსს: დაკავებულია პირი, რომელიც ფულს ჯერ არასრულწლოვანს, შემდეგ კი მის მშობელსაც სძალავდა

7 ნოემბერი, 2017 • 3399
შსს: დაკავებულია პირი, რომელიც ფულს ჯერ არასრულწლოვანს, შემდეგ კი მის მშობელსაც სძალავდა

შსს-ს თანამშრომლებმა 19 წლის ნ.ვ. თბილისში გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებული თანხას ჯერ არასრულწლოვანს სძალავდა, შემდეგ კი, მის მშობელსაც.

პოლიციის ცნობით, მიმდინარე წლის ივნისში ბრალდებულმა არასრულწლოვანს მობილური ტელეფონი გამოართვა, ლომბარდში ჩააბარა, ხოლო მის გამოსატანად თანხა აღარ გადაიხადა.

“არასრულწლოვანმა გადაწყვიტა, ლომბარდიდან თავად გამოეტანა ტელეფონი. აღნიშნულის შესახებ შეიტყო ნ.ვ-მ, მივიდა არასრულწლოვანთან და თანხა გამოართვა.

ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის სექტემბერში ამავე არასრულწლოვანს კვლავ მიაკითხა და ძალადობის მუქარით გარკვეული თანხა მოსთხოვა, რის შემდეგაც არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ მამას აცნობა. მიმდინარე წლის 20 სექტემბერს ნ.ვ. არასრულწლოვნის მამას დაუკავშირდა და მისი და მისი შვილის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით გარკვეული თანხის მიტანა მოსთხოვა და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა”, – აცხადებს შსს.

სამართალდამცველებმა ნ.ვ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის პირველი ნაწილით). აღნიშნული დანაშაულის ჩადება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი