ახალი ამბები

თბილისის საკრებულომ საპატრიარქოს საშენი მასალები და 2 მიწის ნაკვეთი გადასცა

7 ნოემბერი, 2017 • 2739
თბილისის საკრებულომ საპატრიარქოს საშენი მასალები და 2 მიწის ნაკვეთი გადასცა

7 ნოემბერს, მეხუთე მოწვევის თბილისის საკრებულოს ბოლო სხდომაზე, დეპუტატების უმრავლესობამ, ტრადიციულად, ერთხმად დაუჭირა მხარი საპატრიარქოსთვის მოძრავი ქონებისა და ორი მიწის ნაკვეთის უფასოდ გადაცემის საკითხს. გადაცემული მიწის ნაკვეთებია – ბეთლემის ჩიხის მიმდებარედ 19 კვ.მ. თავისი შენობა-ნაგებობით და გომის ქუჩის მიმდებარედ არსებული 249 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

დღესვე დედაქალაქის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაც გაიმართა, სადაც საპატრიარქოსთვის კიდევ რამდენიმე მიწის ნაკვეთის ჩუქებაზე იმსჯელეს, თუმცა ამ ქონების გადაცემის საკითხზე გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, უკვე მეექვსე მოწვევის საკრებულო მიიღებს. მიწების საერთო ფართობი, რომელსაც  მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფოსგან ელის, ჯამში, 44 619 კვადრატული მეტრია.

[red_box]რა ქონება გადაეცა საპატრიარქოს[/red_box]

  • თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, განსაზღვრული მოძრავი ქონების (საშენი მასალები) სსიპ – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის (ს/კ: 204395537) პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისა და შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შეთანხმების თაობაზე.
  • ბეთლემის ჩიხი №9-ის მიმდებარედ არსებული 19 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1-ის (საკადასტრო კოდი: №01.18.03.072.100) და გომის ქუჩის მიმდებარედ არსებული 249 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №01.18.03.072.142) სსიპ – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის (ს/კ 204395537) პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისა და შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შეთანხმების თაობაზე.

[red_box]დამატებით რა ქონების გადაცემაზე იმსჯელებს საკრებულოს კომისია[/red_box]

  • სამგორის რაიონში არსებული 2 240 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკ/კოდი #01.19.30.011.002) სსიპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ.
  • ისნის რაიონში, 31 053 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკ/კოდი 01.17.06.003.003) და ისნის რაიონში 11 058 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკ/კოდი 01.17.06.012.227) სსიპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებოს შესახებ.

საკრებულოს უმრავლესობა, როგორც წესი, დისკუსიისა და მსჯელობის გარეშე იღებს დადებით გადაწყვეტილებებს საპატრიარქოსთვის ქონების უფასოდ გადაცემის საკითხებზე.

რესპუბლიკური პარტიის ინფორმაციით, კონკორდატის გაფორმებიდან, 2001 წლიდან დღემდე საპატრიარქოს წმინდა ფულადი სახით მიღებული აქვს 200 მილიონ ლარზე მეტი, 1 მილიონ ჰექტარზე მეტი ნაკვეთის ფართობი, საპატრიარქოს წილობრივ მფლობელობაში მყოფი შპს-ებსა და ააიპ-ებს გადასცემენ სახელმწიფო ქონებას, ხოლო ამ ქონებას არავინ აღრიცხავს.

საქართველოს საპატრიარქო. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი