ახალი ამბები

ეპისკოპოსი საბა “ქართულ მარშზე”: ქრისტეს შეურაცხყოფენ, ეს ქრისტიანობა არ არის

7 ნოემბერი, 2017 • 10869
ეპისკოპოსი საბა “ქართულ მარშზე”: ქრისტეს შეურაცხყოფენ, ეს ქრისტიანობა არ არის

“რასაც ის ადამიანები აკეთებენ და ქრისტეს სახელით ქრისტეს შეურაცხყოფენ, ეს ქრისტიანობა არ არის”, – ეს განცხადება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრმა, ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი) გააკეთა “ქართულ მარშთან” დაკავშირებით.

იგი ქადაგებისას გამოეხმაურა “ქართული მარშის” აქტივობებს ფეხბურთელ გურამ კაშიან წინააღმდეგ ლგბტ დროშის ფერებში გადაწყვეტილი კაპიტნის სამკლაურით თამაშის გამო.

“როდესაც საზოგადოებრივი მოღვაწე, სპორტსმენი თუ  მსახიობი ხარ, თუ ადამიანებს გარკვეულ მაგალითს აძლევ და შენი ქედებით რაღაც პოზიციას გამოხატავ, ეს  შენი პირადი შეხედულებაა და ჩემთვის მისაღები იქნება თუ არა, ამას მე ვწყვეტ. ეს ჩემზე ზემოქმედებას მოახდენს თუ არა, ეს ჩემზეა დამოკიდებული, რა გზას ავირჩევ, მაგრამ მეორე მხარე… როდესაც ადამიანები ასე სიძულვილის რიტორიკით, მე საუბარი ქართულ მარშზე მაქვს, გამოდიან ცოდვილი ადამიანების წინააღმდეგ, და ამით გარკვეულ ზეგავლენას ახდენენ… იმ ერთ ადამიანს არ მოუხდენია, ასეთი არ გაუკეთებია არაფერი, რასაც ის ადამიანები აკეთებენ და ქრისტეს სახელით ქრისტეს შეურაცხყოფენ, ეს ქრისტიანობა არ არის.

ამის მაგალითი არის სახარებაში: მრუში დედაკაცის… არა მხოლოდ ეს, არამედ ნებისმიერი, ჩვენც მათ შორის ვართ.

ვისაც თავისი თავი ვინმეზე, ნებისმიერ ცოდვილზე მაღლა ჰგონია, ის ცხონების გზაზე არ დგას. ვინც ქვების სროლას იწყებს, პირველად საკუთარ თავს შეხედოს.

ჩვენ არ ვამართლებთ ცოდვას, მართლმაიდებელ ეკლესიას აქვს მყარი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ჰომოსექსუალურ ურთიერთობას ცოდვად მიიჩნევს, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) კი კვლევების საფუძველზე ადგენს, რომ ეს განსხვავებული სექსუალური ქცევა და არა დაავადება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ(WHO) 1992 წელს ცვლილებები შეიტანა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში და ჰომოსექსუალობა ამოიღო დაავადებათა სიიდან. ის შეფასებულია როგორც განსხვავებული სექსუალური ქცევა და არა დაავადება.

ამერიკის შეერთებული შტატების ფსიქიატრთა ასოციაციამ აღნიშნული ნაბიჯი გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ 1973 წელს გადადგა, კვლევების საფუძველზე შეცვალა მიდგომები და ჰომოსექსუალობა ამოიღო მენტალური დაავადებების სიიდან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი