ახალი ამბებისამართალი

კომერციული სასწავლებლის ხელმძღვანელი ყალბი დიპლომის დამზადების ბრალდებით დააკავეს

7 ნოემბერი, 2017 • 4276
კომერციული სასწავლებლის ხელმძღვანელი ყალბი დიპლომის დამზადების ბრალდებით დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ბრალდებულის სახით ერთ-ერთი ყოფილი კომერციული სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებთან ერთად, დაამზადა და გაასაღა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი და სრული ზოგადი განათლების ატესტატი. საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, აღნიშნული ყალბი დოკუმენტების სანაცვლოდ ბრალდებულმა ერთ-ერთი მოქალაქისგან 1000 აშშ დოლარი და 3 000 ლარი აიღო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

ყალბი დიპლომი და ატესტატი. ფოტო: საგამოძიებო სამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი