ახალი ამბები

გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ის დარბაზში დააკავეს

7 ნოემბერი, 2017 • 4252
გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ის დარბაზში დააკავეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ონიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ის სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მასვე 2  წლით და 3  თვის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის და თანამდებობის დაკავების უფლება.

მთავარი პროკურატურის ცნობით, თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების,  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, პოლიტიკური დევნისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, და 25-147-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პროკურატურის ცნობით, კოალიცია  „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის, ასევე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინების მიზნით, 2011 წლს 15 და 17 ოქტომბერს, ონიანის ორგანიზებით, იმ დროისთვის  პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების დამზადების მიზეზით შპს „დაო-პრინტის“ მენეჯერი დავით შათირიშვილი და აღნიშნული მაისურების საზოგადოებაში გამავრცელებელი ლ.მ. თბილისის შს სამმართველოს  გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ დააკავეს.

ბრალდების ინფორმაციით, ონიანმა  თავის დაქვემდებარებაში მყოფ პოლიციის თანამშრომელს დაავალა პატაკის შედგენა, თითქოსდა შათირიშვილი უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. პროკურატურის ცნობით, 2011 წლ 15 ოქტომბერს, ონიანის ორგანიზებითა და მისი უშუალო ხელმძღვანელობით, დაკავებულ იქნა დავით შათირიშვილი.

“პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულს პირადი ჩხრეკა მხოლოდ დაკავების შემდგომ ჩაუტარეს, რა დროსაც მას რაიმე ნარკოტიკული საშუალება არ აღმოაჩნდა, თუმცა .ს მიმართ  დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდების წარსადგენად მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, გ.-მ საქმის გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და დაავალა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში აესახა ამ ნარკოტიკული საშუალების დ.ს პირადი ჩხრეკისას ამოღების ფაქტი. მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის შედეგად,.წარედგინა ბრალდება ნარკოტიკულისაშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის”, – აცხადებს პროკურატურა.

ბრალდების ინფორმაციით, ოანიანმა 2011 წლის 17 ოქტომბერს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო,  კიდევ ერთი პირის დევნა განახორციელა და ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ დააკავეს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ლ.მ, რომელიც შპს „დაო-პრინტის“ მიერ დამზადებული  პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების საზოგადოებაში გავრცელებას ახდენდა.

“გ.ო-მ, ანალოგიური გზით სისხლის სამართლის საქმის ხელოვნურად შექმნისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, საქმის გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და დაავალა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში აესახა ამ ნარკოტიკული საშუალების ლ.მ-სგან ამოღების ფაქტი, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის შემდგომ ლ.მ-ს მიმართ უკანონოდ განხორციელდა სისხლის სამართლებრივი დევნა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დ.შ-სთვის და ლ.მ-სთვის მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საფუძველზე წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას  11 წლამდე ვადით”, – აცხადებს პროკურატურა.

ონიანს ზემოთ აღნიშნული სასჯელი საქალაქო სასამართლომ ამნისტიის გათვალისწინებით შეუფარდა.

დღეისათვის ონიანი ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრია და პარტიაში ანტიკორუფციულ მიმართულებას კურირებს.

გიორგი ონიანი (მარჯვნივ), ნაციონალური მოძრაობის წევრი და ადვოკატი. 11.10.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი