ახალი ამბები

შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს

6 ნოემბერი, 2017 • 2158
შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე, სადაც მინისტრ გიორგი მღებრიშვილის გადადგომას ითხოვნდნენ, ერთი ადამიანი დააკავეს.

აქციაზე ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი გაბედავა დააკავეს. შსს-ს ცნობით, იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მიხედვით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

მოგვიანებით, გაბედავამ თავის ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ იგი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

გიორგი მღებრიშვილის გადადგომა მოქალაქეების ჯგუფმა მას შემდეგ მოითხოვა, რაც ნუცუბიძის პლატოზე მოქალაქე პაატა პავლიაშვილი ადმინისტრაციული წესით დაკავებისას გარდაიცვალა..

მნიშვნელოვანი დეტალები:

  • 32 წლის პაატა პავლიაშვილი ნუცუბიძის პლატოზე ადმინისტრაციული წესით დაკავებისას დაიღუპა. შსს-მ გაავრცელა ვიდეო, სადაც რამდენიმე მოქალაქე საუბრობს იმაზე, რომ ახალგაზრდა კაცი მუდმივად ალკოჰოლს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს მოიხმარდა. თვითმხილველების თქმით, მოქალაქე დაკავებამდე ამბობდა, რომ ცუდად იყო და წყალს ითხოვდა, რაც პოლიციელებმა არ გაითვალისწინეს. სახალხო დამცველმა საქმის შესწავლა, ხოლო პროკურატურამ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით შესაძლო მოსპობის ფაქტზე გამოძება დაიწყო.
  • ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები შსს-ს იმ ვიდეოჩანაწერის გავრცელებისთვის აკრიტიკებენ, რითიც იურისტების თქმით, შსს უარყოფითი ხატის შექმნას შეეცადა პაატა პავლიაშვილისგან, თითქოს დაღუპვის მიზეზი ალკოჰოლი ან ფსიქოტროპული ნივთიერება ყოფილიყო.
  • 27 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა დაკავების დროს პაატა პავლიაშვილის დაღუპვა გააპროტესტეს. მათ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, რა დროსაც პოლიციამ ერთი მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავა.
  • პაატა პავლიაშვილის ოჯახის თხოვნით, მათ უფლებების დაცვაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩაერთო.
  • მთავარი პროკურატურის ცნობით, პაატა პავლიაშვილის დაკავების პროცესს პატრულის თანამშრომლები სამხრე კამერებით არ იწერდნენ და ეს ეპიზოდი არ დაუფიქსირებია საპატრულო პოლიციის ავტომობილსაც. უფლებადამცველებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ჩანაწერები შესაძლოა ხელოვნურად გაანადგურეს, რაც ასევე გამოსაძიებელია. შს მინისტრის მოადგილის თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ არ ჩანს პოლიციელების ჩანაწერებში პავლიაშვილის დაკავების მომენტი.
  • ნუცუბიძის პლატოზე ადმინისტრაციული წესით დაკავებისას დაღუპული პაატა პავლიაშვილის ოჯახი პროკურატურისგან დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს, რითიც ისინი საქმის მასალების გაცნობას შეძლებენ.
  • საია მიიჩნევს, რომ ამ საქმეზე გამოძება სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით უნდა წარიმართოს და არა გუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი