ახალი ამბებიეკონომიკა

ლარი დოლართან 2 თეთრით გამყარდა

6 ნოემბერი, 2017 • 3711
ლარი დოლართან 2 თეთრით გამყარდა

ეროვნული ბანკის ახალი გაცვლითი კურსით ლარი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 2 თეთრით, ხოლო ევროსთან – 3 თეთრით გამყარდა.

7 ნოემბრის კურსით, ერთი აშშ დოლარი 2.61 ლარი ღირს, ერთი ევრო –  3.03 ლარი. 

ლარის კურსზე “ნეტგაზეთთან” კომენტარი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრმა ლევან კობერიძემ გააკეთა. მისი თქმით, ლართან დაკავშირებული ვაჭრობა მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს.

“განწყობებს რაც შეეხება, მოდი, ვთქვათ, რითი იქმნება ეს განწყობები. როდესაც სისტემა არის დახურული, მათ შორის ლარის კურსთან დაკავშირებით, და სულ რამდენიმე სუბიექტი მონაწილეობს, არც ბიზნესს და არც საზოგადოებას წვდომა არ აქვს ამ ინფორმაციაზე, ბუნებრივია, რომ ნებისმიერი სახის გაურკვეველი სიტუაცია ქმნის ცუდ მოლოდინს. იმისათვის, რომ მსგავსი მოლოდინები არ შეიქმნას, გვჭირდება მაქსიმალური გამჭვირვალობა, მაქსიმალური ინფორმაცია ლართან დაკავშირებულ ვაჭრობასთან მიმართებაში. მეტი სუბიექტების ჩართულობა ვაჭრობასთან დაკავშირებით,”- აცხადებს ლევან კობერიძე.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხვალ ისაუბრებს ეროვნული ვალუტის გამყარების მიზეზებზე:

“ლართან დაკავშირებით ყველა ძაღლის თავს ეძებს. არავითარი დიდი საძებნი არ არის. ძაღლის თავი ფინანსთა სამინისტროს ეზოშია დამარხული და თუ კარგად მიმოიხედავენ, გამოსავალსაც იპოვიან,”- ამბობს რომან გოცირიძე.

ხვალ, 8 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დაანონსებული აქვს ფასიანი ქაღალდების აუქციონის გამართვა. სამინისტროს ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებებს და 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციებს განათავსებს.

ლარის მკვეთრი გაუფასურება არჩევნების შემდეგ, 24 ოქტომბრიდან დაიწყო. საარჩევნო პერიოდში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.48-დან 2.49 ლარის ფარგლებში იყო. ხოლო 24 ოქტომბრიდან გაძვირება დაიწყო და 2.63 ლარს გადააჭარბა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი