გვენეტაძე: 34 მოსამართლეს ჩემს პოზიციაზე პასუხს წერილობით მივაწოდებ

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, უვადოდ გადანიშნულ 34-ვე მოსამართლეს ექნება პასუხი, თუ რატომ არ მოაწერა ხელი მათი დანიშვნის ოქმს.

ეს განცხადება გვენეტაძემ 6 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გააკეთა. საბჭოს სხდომა დილის 11 საათიდან, თითქმის 7 საათის განმავლობაში, ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

“ახლა ავდგები, წავალ, პასუხს და ყველა საკითხს დასაბუთებულად მოგაწვდით. მე აღარ შემიძლია ამ რეჟიმში მუშაობა. გაჩუმდი! პასუხი უნდა ვთქვა. მე ამ პირობებში ვერ ვიმუშვებ, ამ პირობებში ვერ გავარჩევ ურთიერთობებს,”- განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

მისივე თქმით, პასუხებს ორ საკითხთან დაკავშირებით დაწერს. პირველია ხელმოწერის საკითხი, ხოლო მეორე – ინსპექტორის კანდიდატურების განსახილველად რიგგარეშე სხდომის დანიშვნის საკითხი, რასაც ასევე დაპირისპირება და კამათი მოჰყვა. მისივე თქმით, სხდომის თარიღთან დაკავშირებით პასუხი ხვალ დილის 9 საათზე გახდება ცნობილი.

“მე არაფერს ვერიდები, პასუხისმგებლობას ვიღებ ყველაფერზე. ახლა, რადგან ამ ფორმატში მუშაობა არის აბსოლუტურად შეუძლებელი, მეც და თქვენც, ეს არ არის შეურაცხყოფა, არაადეკვატურები ვართ იმიტომ, რომ ძალიან დიდი დრო გავიდა. მე ვიტოვებ ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ დაწერილს, თარიღობრივად აწყობილს, გამზადებულს, ყველაფერს მოგაწოდებთ. გნებავთ გაავრცელეთ, გნებავთ თქვენ იმუშავეთ და მოიწონეთ ან დაიწუნეთ.

34 მოსამართლის გასაგონად ვამბობ ამას, ვინც გადაინიშნა, ყველას ექნება პასუხი ყველაფერზე. მეგონა, ძალები მეყოფოდა და გავუძლებდი, მაგრამ თქვენ წინარე დააყენეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც გაწუხებდათ მანამდე გასასაწყვეტად და ეს არის. მე არ მაქვს ამოუწურავი ენერგია, მჭირდება სრული მობილიზება და სრული პასუხისმგებლობა, თქვენ ეს პირობები ვერ შექმენით. ყველას ექნება ჩემი პოზიცია წერილობით მიწოდებული,”- განაცხადა ნინო გვენეტაძემ საბჭოს სხდომაზე.

ხელმოწერის საკითხი სხდომაზე საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა დააყენა. იმის გამო, რომ გვენეტაძემ მოსამართლეთა უვადოდ გადანიშვნის შესახებ ოქმს ხელი არ მოაწერა, იგი მწვავედ გააკრიტიკეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა. წევრები მოითხვდნენ, რომ ნინო გვენეტაძეს სხდომის დასაწყისშივე განემარტა ხელის არმოწერის მიზეზი, თუმცა თავმჯდომარემ მათ უთხრა, რომ ამის შესახებ განმარტებას დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ გააკეთებდა.

“შეკითხვის დასმის უფლებაც არ გვაქვს თურმე, ულტიმატუმი არის ის, რასაც აკეთებს ქალბატონი თავმჯდომარე ამ შემთხვევაში, როდესაც გვთავაზობს, რომ რაღაც სხვა პროცედურები უნდა გავაროთ თურმე და მერე გვექნება უფლება, რომ დავსვათ შეკითხვა” – განაცხადა საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ დიმიტრი გვრიტიშვილმა კი განაცხადა, რომ გვენეტაძე კანონით მისთვის დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს.

34 მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ საბჭომ 20 ოქტომბერს გაამწესა. მას შემდეგ 2 კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა ნინო გვენეტაძეს შესაბამისი ოქმისთვის ხელი არ მოუწერია.

7 ნოემბრის სხდომის დასრულების შემდეგ მოსამართლე წევრებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი