ახალი ამბები

ცვლილებები ზოგადი უნარებისა და ქართული ენის გამოცდებში

6 ნოემბერი, 2017 • 4291
ცვლილებები ზოგადი უნარებისა და ქართული ენის გამოცდებში

2018 წლის ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს უნარების გამოცდის ჩაბარება განსხვავებული ფორმატით მოუწევთ. ვერბალურ ნაწილში ანალოგიები, როგორც ცალკე დავალება, უქმდება და ის წაკითხულის გააზრებას დაემატება. ცვლილებები შედის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში, სადაც არგუმენტირებული ესეი მაქსიმალური 20 ქულის ნაცვლად, 24 ქულით შეფასდება.

აღნიშნული ცვლილებები შესახებ დღეს ეროვნული გამოცდების ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ისაუბრა. მისივე თქმით, ცვლილება შევა მათემატიკის გამოცდაში, რომელიც არჩევითი გამოცდაა და მარტივი დავალებების ხვედრითი წილი ტესტში ოდნავ გაიზრდება, თუმცა რამდენით, მიმინოშვილს არ დაუკონკრეტებია.

“ვფიქრობთ, ოდნავ გამარტივდეს [მათემატიკის გამოცდა]. საბოლოო ჯამში, ანალიზი გვაჩვენებს იმას, რომ მათემატიკა, მეტად თუ ნაკლებად, რთულია აბიტურიენტებისთვის, ვიდრე სხვა საგნები. სხვა საგნებთან შედარებით მათემატიკის საშუალო მაჩვენებელი შედარებით დაბალია. ეს არ ნიშნავს არამც და არამც იმას, რომ მათემატიკის გამოცდა იმდენად მარტივი იქნება, რომ ვეღარ მოვახერხებთ იმის შეფასებას, რის შეფასებასაც ვცდილობთ ამ გამოცდით”,- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

[blue_box]რა იცვლება ზოგადი უნარების გამოცდაში[/blue_box]

ცვლილებამდელ ტესტში ანალოგიის 12 დავალება იყო, რომელიც ორად იყო დაყოფილი. აბიტურინეტი ჯერ 6 ანალოგიას აკეთებდა და შემდეგ, კიდევ 6-ს. ცვლილებების თანახმად, ანალოგიების რაოდენობა ტესტში 8-ზე ნაკლები არ იქნება. შესაძლებელია 10-იც იყოს. თუ აქამდე ანალოგიები დამოუკიდებლად იყო ტესტში და მას ბმა არ ჰქონდა ტესტის სხვა ნაწილებთან, ცვლილებების თანახმად, ახლა ანალოგიები ტექსტთან იქნება დაკავშირებული.

“ამ სიახლის შემოთავაების მიზეზი არ ყოფილა ტესტის გამარტივება, მიზეზი არის აბიტურიენტების უნარების კიდევ უკეთ შეფასება, მეტი აქცენტის გადატანა უნარების მაქსიმალურად კარგად გამოვლენაზე. ის დეფიციტი, რაც შეიძლება ლექსიკურ მარაგსა და მოქნილობაში ჰქონდეთ აბიტურიენტებს, შევავსებინოთ მათ წაკითხული ტექსტის გააზრების დახმარებით. ეს ნიშნავს, რომ ანალოგიების ბლოკი იქნება აგებული ისეთ ანალოგიებზე, რომლებიც სიტყვების წყაროს, მასალას იღებს ტექსტიდან. შესაბამისად, თუკი აბიტურიენტს არ ეცოდინება ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობა, ის შეძლებს დაიხმაროს ტექსტი, კონტექსტი, რომელშიც ეს სიტყვაა მოცემული, და კონტექსტიდან შეეცადოს სიტყვის მნიშვნელობის წვდომას”, – განაცხადა სოფო დოლიძემ, ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა.

მისივე განმარტებით, ცვლილებებით ანალოგიების შესრულება არც გამარტივდება და არც გართულდება აბიტურიენტებისთვის და ის ანალოგიები, რომლებსაც აბიტურიენტებს შესთავაზებენ, საშუალო სირთულის იქნება.

ტესტის დავალებების რაოდენობა არ იცვლება. ტესტი კვლავ 80-ქულიანია. იმ შემთხვეაში, თუ ახალ ტესტში ანალოგიების რაოდენობა 8 იქნება, დარჩენილი 4 დავალება ლოგიკის ნაწილს დაემატება:

“12 ანალოგია არის მაქსიმალური რაოდენობა, რაც შეიძლება ტესტში იყოს, თუ უფრო მცირე იქნება მათი რაოდენობა, დავუშვათ 8 ან 10, დანარჩენი დავალებები იქნება ლოგიკის ბლოკში გადატანილი, ლოგიკის დავალებები, რომლებიც დაემატება ლოგიკის არსებულ ბლოკს. ეს ბლოკი შეივსება მხოლოდ მარტივი და ლაკონური დავალებებით, რომლებიც ფორმატით არ იქნება სტანდარტული ლოგიკის დავალებების მსგავსი იმიტომ, რომ აბიტურიენტებს ჰქონდეთ საკმარისი დრო ამ დავალებებზე სამუშაოდ. ანალოგიების დავალებები ძალიან მცირე დროს მოითხოვს. ეს არ ნიშნავს, რომ ის ადვილია, წასაკითხად მოითხოვს მცირე დროს. სწორედ ამიტომ, ძალიან მოკლედ ფორმულირებულ, ლაკონურ დავალებებს [ლოგიკაში] შევთავაზებთ, რომ წაკითხვაზე დიდი დრო არ დახარჯონ აბიტურიენტებმა”,- ამბობს სოფო დოლიძე.

[blue_box]რა იცვლება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში[/blue_box]

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის არც მაქსიმალური ქულა იცვლება და არც დავალებების ფორმატი. იცვლება მხოლოდ შეფასების კრიტერიუმები. ტექსტის რედაქტირების დავალება, რომელიც ცვლილებებამდე 20 ქულით ფასდებოდა და აბიტურიენტებს ტექსტში დაშვებული შეცდომების გასწორება ევალებოდათ- ამიერიდან დავალების მაქსიმალური ქულა 16 იქნებდა და ტექსტის მოცულობა მცირედით შემცირდება. ადრე ნახევარი გვერდი იყო ტექსტის მოცულობა, ცვლილებების შემდეგ კი ოდნავ შემცირდება. შესაბამისად, დაიკლებს ტექსტში დაშვებული შეცდომების ოდენობაც.

ის ოთხი ქულა, რომელიც “ტექსტის რედაქტირების” დავალებას აკლდება, “არგუმენტირებული ესეის” დავალებას დაემატება, რომელიც აქამდე მაქსიმალური 20 ქულით ფასდებოდა. ამიერიდან ის მაქსიმალური 24 ქულით შეფასდება.

კახა ჯამბურია, ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გაზრდილ შეფასებაში უფრო კარგად გამოჩნდება შემოქმედებითი ნიჭით და ანალიტიკური აზროვნებით დაჯილდოვებული აბიტურიენტი.

“შეფასებას კრიტერიუმებიც ემატება და არსებული კრიტერიუმებიც კორექტირებულია, მაგალითად, უფრო მეტი ყურადღება ექცევა არგუმენტირებული ესეის შეფასების დროს მსჯელობის არაშაბლონურობას, დამოუკიდებელ აზროვნებას. გარდა ამისა, არგუმენტირების დროს, საჭიროა სათანადო არგუმენტების მოყვანა, რადგან ბოლო წლებში ვნახეთ, რომ ცოტა იშტამპებოდა ეს დავალება. მასწავლებლები ან რეპეტიტორები ცდილობდნენ, რომ ბავშვებისთვის დაზეპირებული შაბლონები მიეცათ. ვთქვათ, სიტყვაზე “ალუდა ქეთელაურს” იმოწმებდა ყველა, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა სათაურთან კავშირში.

ამდენად, უფრო მეტი ყურადღება გადადის შეფასების დროს იმაზე, რაც აქამდე რჩებოდა შემფასებლის ყურადღების მიღმა. როგორ ააგებს ესეის, ცოტა შეცვლილია ეს კრიტერიუმიც. დამოუკიდებელი აზროვნება და გარდა ამისა, დამატებულია კიდევ ერთი კრიტერიუმი – ფაქტობრივი სიზუსტე. ფაქტობრივ შეცდომას თუ დაუშვებს ბავშვი, მას ერთი ქულა დააკლდება. იმ ერთ ქულას, რაც ამისთვისაა გათვალისწინებული, ვერ მიიღებს”- განაცხადა კახა ჯამბურიამ.

ცვლილების ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულებზე: ზოგადი უნარების ტესტის ნიმუში I; ზოგადი უნარების ტესტის ნიმუში II; არგუმენტირებული ესეს შეფასების კრიტერიუმები. 

მასალების გადაბეჭდვის წესი