სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 20-მდე ოპოზიციური პარტიის სარჩელი, რომელიც ადგილობრივი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ეხებოდა, არ დააკმაყოფილა. მოსამართლეთა კოლეგიამ, თეა ძიმისტარაშვილის ხელმძღვანელობით, საკითხზე ორ საათზე მეტხანს იმსჯელა, რის შემდეგაც სარჩელის ავტორებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი წარუდგინა.

ოპოზიციური პარტიები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, სხვა პარტიებთან ერთად, ინსტანციის დადგენილებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებს.

“სარეზოლუციო ნაწილში მშრალად არის ნათქვამი უარი. ხოლო, თუ რას ემყარება ეს უარი, ჯერჯერობით განმარტებული არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენს საჩივარზე უარის თქმის მიზეზები არც შემდგომ იქნება გამყარებული არგუმენტებით. ჩვენ მიერ სარჩელთან ერთად მიწოდებულ დანართში დეტალურად იყო საუბარი ფაქტებზე, თავისი ფოტო და ვიდეოფიქსაციით, თუ რა მეთოდებით ახერხებდნენ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები უბნების გაყალბებას. სამწუხაროდ, მივიღეთ მყარი უარი, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან თავის დროზე სააპელაციო სასამართლოს გარანტად გამოცხადებული ლევან მურუსიძე სწორედ აღნიშნულ პალატას ხელმძღვანელობს. სულ მალე შევუდგებით მზადებას სარჩელისთვის, რომლითაც მივმართავთ ევროპის სასამართლოს”, – განუცხადა ლორთქიფანიძემ “ნეტგაზეთს”.

ოპოზიციურმა პარტიებმა სააპელაციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც მათი სარჩელის დაკმაყოფილებაზე საქალაქო სასამართლომ თქვა უარი. პარტიები აცხადებდნენ, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ოქმები კანონის გვერდის ავლით იყო  შედგენილი, რადგან ცესკომ ოქმი საჩივრების განხილვის გარეშე დაამოწმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან