ახალი ამბები

ზოიძე: ექიმებს რამდენიმე ადგილას მუშაობის აუცილებლობა არ უნდა ჰქონდეთ

6 ნოემბერი, 2017 • 2191
ზოიძე: ექიმებს რამდენიმე ადგილას მუშაობის აუცილებლობა არ უნდა ჰქონდეთ

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე დამატებებით განმარტებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობს მის მიერ გახმიანებული ინიციატივა, რომლის მიხედვით რამდენიმე ადგილას ერთი ექიმი არ უნდა მუშაობდეს.

მისი თქმით, საუბარია რეფორმაზე, რის შედეგადაც კლინიკები კვალიფიციური მუშახელით დაკომპლექტდება, რაც პაციენტების რაოდენობის ზრდას გამოიწვევს. აკაკი ზოიძე განმარტავს, რომ ბევრი პაციენტი ექიმების მეტ შემოსავალს ნიშნავს და მათ რამდენიმე ადგილზე მუშაობა აღარ მოუწევთ.

“საუბარია იმაზე, რომ უბრალოდ ექიმებს არ უნდა ჰქონდეთ აუცილებლობა, რომ რამდენიმე ადგილას იმუშაონ მათი ჯანმრთელობის თუ პაციენტების ჯანმრთელობის საზიანოდ, ზენორმატიული პირობებში. ანუ როდესაც, მაგალითად, 48 საათის ნაცვლად კვირაში 100 საათი მუშაობენ. ერთი ქალაქის ბოლოდან მეორეში გადარბიან, რადგან ყველგან არიან გაფორმებული ძირითად ექიმებად. ნებისმიერ უცხოურ კლინიკაში არსებობენ მაღალკვალიფიციური ექიმები, რომლებიც 2-3 დაწესებულებაში არიან კონსულტანტები და რთული შემთხვევების გარჩევაში თუ მენეჯმენტში იღებენ მონაწილოეობას, მაგრამ ასეთი რამე, რომ ერთი და იგივე ექიმი მუშაობდეს თბილისში და გორშიც და ავადმყოფი ელოდეს 10 საათი, სანამ თბილისიდან გორში ჩავა და მორჩება ოპერაციას თბილისში და ჩავა გორში, ასეთ პრაქტიკას ხელი არ უნდა შევუწყოთ. ამაზეა საუბარი. ამიტომ ის რეფორმები, რაც დაგეგმილია ჩვენ მიერ, მოახდენს იმას, რომ მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებულ კლინიკებს ექნებათ მეტი მოცულობა პაციენტების, უფრო მეტი პაციენტი ეყოლებათ და ექიმებს მეტი ანაზღაურება ექნებათ. იქიდან გამომდინარე, რომ მათი ანაზღაურება პაციენტთა რაოდენობაზეა დამოკიდებული და აღარ ექნებათ აუცილებლობა, რადგან ტკბილი ცხოვრებისგან არავინ მუშაობს ზედმეტს,”-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო საკითხის დასარეგულირებლად რეგულაციების შემოტანას არ გეგმავს.

“რეგულაციები, რაც შრომის კოდექსშია, იმის იქით დამატებითი რეგულაციების შემოტანას სამინისტრო არ აპირებს. უბრალოდ ჩვენ შევქმნით ისეთ პირობებს, რომ ექიმს ეს აღარ დასჭირდეთ,”-ამბობს ზოიძე.

აკაკი ზოიძემ პარლამენტის 2 ნოემბრის სხდომაზე განაცხადა, რომ აღიკვეთება პრაქტიკა, როდესაც ერთი ექიმი ექვს სხადასხვა ადგილას მუშაობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი