ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

რუსულ-ქართული ვაჭრობის აფხაზური თავშესაფარი?!

6 ნოემბერი, 2017 • 8350
რუსულ-ქართული ვაჭრობის აფხაზური თავშესაფარი?!

საქართველოში მიტროპოლიტ ილარიონის ვიზიტმა ყველაზე დიდი ყურადღება მისი “აფხაზური” ნაწილის გამო მიიპყრო. აფხაზეთის საეკლესიო საკითხთან დაკავშირებით რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების სამუშაო ჯგუფების შექმნა შესაძლოა ქართველ დამკვირვებელს “დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების” გზაზე წინ გადადგმულ ნაბიჯად მოეჩვენოს, სადაც მთავარ მოთამაშედ ქართული ეკლესია გვევლინება და არა ხელისუფლება, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობას მოკლებულია.

თუმცა, რეალურად, შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართოს და პროცესში საერო ხელისუფლება ჩაერიოს.

რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ აფხაზური საეკლესიო საკითხის გადაჭრის მცდელობის განხილვას იმ კუთხით, რომ ამას აფხაზური მიმართულებით რაიმე შედეგი მოჰყვება, არანაირი საფუძველი არ აქვს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ადრეც “თანხმდებოდნენ” და აფხაზეთში “დადიოდნენ” – ისეთივე წარმატებით, როგორც ნინო ბურჯანაძე და ადა მარშანია. ეს მხოლოდ გაცხადებული მიზნებია, მეტი არაფერი.

შექმნილ პიროებებში წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი [კაცია] არ ჩავა აფხაზეთში, რელიგიის საკითხებში აფხაზი წარმომადგენელი რეზო კაცია კი რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მოსკოვში აფხაზური ეკლესიის საკითხს არ განიხილავს თავის მოგვარესთან. როგორც მან “ეხო კავკაზასთან” ინტერვიუში განაცხადა, ეპისკოპოსისთვის სათქმელი არაფერი აქვს და მსგავსი რამის გაკეთება არავის დაუვალებია.

აფხაზურ მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილების მიუხედავად, აფხაზეთში, გალის რაიონის ქართველ მოსახლეობას თუ არ ჩავთვლით, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას მრევლი არ დარჩა. ეპისკოპოს გრიგოლს, კლირსა და სოხუმ-ბიჭვინთის მრევლს შორის, რომელიც საკუთარ თავს აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში მოიხსენიებს, ანდა ამ სასულიერო პირებსა და აფხაზეთის ახალი ათონის წმინდა მიტროპოლიის მრევლს შორის რაიმე ოფიციალური შეხვედრა დღეს ვერ გაიმართება. ერთიც და მეორეც ქართველი სასულიერო პირის მიღებაზე უარს იტყვის. ამ კუთხით, ქართული ეკლესიის მცდელობა თავიდანვე განწირულია ჩასავარდნად.

აფხაზეთში რუსული ეკლესიაც არ დგას მყარად. აფხაზურმა საზოგადოებამ, ახალი ათონის ბერების თაოსნობით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წინააღმდეგობა გაუწია, რომ ახალი ათონის მონასტერი არ დაეკავებინა, რადგან სრულიად სამართლიანად მიიჩნია, რომ აღნიშნული აქცია რუსულ-ქართული ეკლესიების საიდუმლო შეთანხმების შედეგია.

მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. კრემლის ორპირობა, რომელიც ერთი ხელით აფხაზეთს აღიარებს, რელიგიური კუთხით კი- საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიას [აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან], იმ მნიშვნელოვად ფაქტად რჩება, რომელიც აფხაზურ პოლიტიკასა და საზოგადოებაზე გავლენას ახდენს.

სწორედ ამიტომ, მიუხედავად აქტიური და კულუარული პოლიტიკური ზეწოლისა, მოსკოვის მიმართ ლოიალურად განწყობილი სასულიერო პირთა ჯგუფის მიერ ახალი ათონის ხელში ჩაგდების პერიოდული მცდელობების მიუხედავად, აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია საკუთარ პოზიციას არ თმობს. მას ჰყავს მრევლი და საზოგადოებრივი მხარდაჭერა. სწორედ ამაში მდგომარეობს მისი ძალა.

ნათელია, რომ კოჭლი ცხენით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთში ვერ შემოვა. სულ სხვა საქმეა, თუ მოსკოვის პატრიარქის უკან კრემლი დგას. მხოლოდ რუსეთის საერო ხელისუფლებას შეუძლია აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს გარკვეული დაპირებები მისცეს. შეასრულებს თუ არა, ეს უკვე სხვა საკითხია.

ამასთან, ასევე აშკარაა, რომ რუსეთის საერო ხელისუფლება მის უმცროს პარტნიორებთან [აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი] ურთიერთობების გაფუჭებაზე არ წავა მხოლოდ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ლოიალობით. კრემლს საერო საქართველო სჭირდება, რომელიც დღეს ევროინტეგრაციის პროცესშია და NATO-სთან თანამშრომლობს. ამას მოსკოვში არც მალავენ.

ხომ არ ვართ იმ ვაჭრობის მოწმე, რომელიც ეკლესიებს შორის კავშირების ფარგლებს სცდება? ასეთი დასკვნის გამოტანის გარკვეული საფუძველი არსებობს.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დათმობები საკმაოდ ალოგიკურად გამოიყურება. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ახალ ათონში გაგზავნილი წარმომადგენლის ეპიზოდი პირველი მერცხალი იყო. ჯერ კიდევ 2011 წელს ქართული ეკლესია, სავარაუდოდ, დათანხმდა მოსკოვის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დროებით მფარველობას. დღეს კი, როდესაც ცხინვალის ცენტრში რუსული ეკლესიის ტაძარი შენდება, ამაში ეჭვი პრაქტიკულად აღარ არსებობს.

და რა მიიღო ქართულმა ეკლესიამ სანაცვლოდ? კანონიკური საზღვრების აღიარება? ის ისედაც გარანტირებული იყო იმ რთული სიტუაციის გამო, რომელშიც იმყოფება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში. დაპირება, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართველ სასულიერო პირებს შეუშვებენ? რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ამ დაპირების შესასრულებლად საკმარისი ძალაუფლება არ გააჩნია.

ანუ ქართული ეკლესია ან უბრალოდ მოსკოვის მიერ იმართება, ან ამის გაკეთებას საქართველოს ხელისუფლება აიძულებს.

“ეხო კავკაზასთან” ინტერვიუში არქიმანდრიტი დოროთეი [დბარი] აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიიდან, ვარაუდობს, რომ ქართულ ეკლესიას რუსეთის ეკლესიასთან დათმობაზე წასვლას ბიძინა ივანიშვილი აიძულებს: “სცენის მიღმა რუხ კარდინალად ბიძინა ივანიშვილი და სხვა ქართველი პოლიტიკოსები გვევლინებიან, რომელთაც, როგორც ცნობილია, რუსეთში აშკარა კავშირები აქვთ”.

არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსული სტილით თამაშობს: ეკლესიის ხელით აფხაზურ საკითხის გადაწყვეტის მცდელობის იმიტაციას ქმნის, ამავე დროს კი, დე ფაქტო “შექმნილ რეალიებს ითვალისწინებს” და მოსკოვის სულიერ ჰეგემონიას აღიარებს.

ამასობაში კი, საერო საქართველო რუსეთისგან არააგრესიულად დისტანცირდება და ევროინტეგრაციას აგრძელებს, თუმცა, გონიერების ფარგლებში. პოლიტიკური მოედნის პერიფერიებზე კი დაშვებული პოლიტიკური მოთამაშეები გვევლინებიან, რომლებიც საჯარო სივრცეში ისვრიან ლოზუნგებს: ”ჩვენ ან სოხუმში შევალთ, ან NATO-ში”.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თბილისს მოსკოვთან მოლაპარაკებების მართვა შეუძლია, სადაც ქართულ ეკლესიას მნიშვნელოვანი როლი უკავია, თუმცა, მეორეხარისხოვანი. იგივე როლი გააჩნია რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას.

თუ ეს ასეა, მაშინ ეს იმ თავდაპირველი “სტრატეგიული მოთმინების” კონცეფციიდან გასვლაა, რომლითაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოდიოდა. ერთია – ლოდინი, როდის შეიცვლება რუსეთი, და სულ სხვაა – ელაპარაკო დღევანდელ კრემლს, არა მხოლოდ აფხაზეთის, არამედ საქართველოს სტრატეგიულ მომავალზე.

ეს კი საფრთხეებზე გვაფიქრებინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი