ახალი ამბები

ადვოკატი: ამოღებულ ნარკოტიკზე ბრალდებული პოლიციელის ანაბეჭდი არ აღმოჩნდა

6 ნოემბერი, 2017 • 1685
ადვოკატი: ამოღებულ ნარკოტიკზე ბრალდებული პოლიციელის ანაბეჭდი არ აღმოჩნდა

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის ადვოკატი აცხადებს, რომ ექსპერტიზამ არ დაადასტურა ნივთმტკიცების სახით ამოღებულ ნარკოტიკზე ბრალდებულის ანაბეჭდის არსებობა.

თეთრი ხმაურის მოძრაობის იურისტის, გიორგი მახარაძის თქმით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მოსამართლემ დასაშვებად უკვე მიიჩნია.

“იმ საგანზე, რომელიც მან თითქოს, გამოძიების დოკუმენტების თანახმად, გადასცა, კვალი არ აღმოჩნდა, რაც ეჭვს იწვევს,” – ამბობს გიორგი მხარაძე.

ყოფილი პოლიციელი, ბაგრატ ჯანუაშვილი 2017 წლის 2 აგვისტოს თბილისში. ორთაჭალის ავტოსადგურში დააკავეს. მას ბუპრენორფინი ამოუღეს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

გიორგი მახარაძის თქმით, ექსპერტიზის დასკვნა ცხადყოფს, რომ ბაგრატ ჯანუაშვილს ნარკოტიკი პოლიციელებმა “ჩაუდეს.”

ექსპერტიზის დასკვნის გარდა, საქმეში მონაწილეობს ნეიტრალური მოწმე, რომელიც ჯანუაშვილის ახლობელია. ადვოკატი იმედოვნებს, რომ ისიც იტყვის იმას, რაც მოხდა.

მახარაძის თქმით, პატაკის მიღებიდან 1,5 საათში დააკავეს ჯანუაშვილი და საეჭვოა, თუ როგორ შეძლეს პოლიციის თანამშრომლებმა 1,5 საათში ქუთაისიდან თბილისში ჩასვლა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 13 ნოემბერსაა დანიშნული.

ბაგრატ ჯანუაშვილი პოლიციაში 12 წლის განმავლობაში, 2012 წლამდე მუშაობდა. ადვოკატის თქმით, მას პოლიციელები სხვა საქმეში თანამშრომლობას და ცრუ მოწმედ ყოფნას სთავაზობდნენ, რაზეც ჯანუაშვილმა უარი თქვა.

ადვოკატის თქმით, ბაგრატ ჯანუაშვილი არ ცნობს თავს დამნაშავედ და აცხადებს, რომ სხვა პირების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებში თანამშრომლობის მიზნით ჩაუდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი