მაგთიკომის განცხადებას კიბერთავდასხმაზე შსს არ ადასტურებს

მაგთიკომმა მომხმარებლებს კიბერშეტევის შესახებ აუწყა, თუმცა, როგორც შსს-ში განგვიცხადეს, კომპანიას მათთვის გამოძიების დაწყების მოთხოვნით არ მიუმართავს, უფრო მეტიც, შსს-ს ცნობით, მაგთიკომის წარმომადგენლებმა მათთან საუბარში უარყვეს, რომ მათზე კიბერშეტევა განხორციელდა.

დღეს მაგთიკომმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მაგთიკომის ინტერნეტქსელის სხვადასხვა სეგმენტზე უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება კიბერშეტევა.

“მაგთიკომის აბონენტების ნაწილს შეეზღუდა ინტერნეტის გარკვეულ რესურსებთან წვდომა და, ამავდროულად, გადაიტვირთა ცხელი ხაზი”, – იუწყება კომპანია.

მათივე ცნობით, კომპანია მუდმივად მიმართავს ყველა ზომას, რათა მაქსიმალურად აღკვეთოს კიბერ შეტევები.

“ამ მომენტისთვის მაგთიკომისგან დამოუკიდებელი ტექნიკური მიზეზების გამო შექმნილი შეფერხებები აღმოფხვრილია და აბონენტებს სრულად მიეწოდება ინტერნეტსერვისი.

რამდენადაც კიბერშეტევები მხოლოდ მაგთიკომის ქსელზე განხორციელდა, არსებობს ეჭვი, რომ საქმე გვაქვს განზრახ ზიანის მიყენების და იმიჯის შელახვის მცდელობასთან”, – ნათქვამია მაგთიკომის ოფიციალურ განცხადებაში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მათთვის გამოძიების დაწყების მოთხოვნით კომპანია მაგთიკომს არ მიუმართავს, თუმცა მათ მიერ გამოაქვეყნებული განცხადების შემდეგ ისინი თავად დაუკავშირდნენ კომპანიას.

“კიბერდანაშაულის სამმართველო დაუკავშირდა კომპანიაში შესაბამის პასუხისმგებელ პირს, სადაც განაცხადეს, რომ მათ კომპანიაზე არ განხორციელებულა კიბერშეტევა. ჩვენმა უწყებამ მოიკითხა, დაუკავშირდა პასუხისმგებელ პირს იმიტომ, რომ მოგვეხდინა გარკვეული რეაგირება. გვინდოდა გავრკვეულიყავით სიტუცაში და მათ განგვიცხადეს, რომ მსგავსი კიბერთავდასხმა მათ კომპანიაზე არ ყოფილა, ეს იყო ჩვეულებრივი ტექნიკური ხარვეზი. კომპანიას ჩვენთვის არ მოუმართავს, უბრალოდ, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გადავწყვიტეთ, რომ მოგვეხდინა რეაგირება, თუკი მათ ასეთი დახმარება ესაჭიროებოდათ. თუმცა გვითხრეს, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. შესაბამისად, არ დაიწყება გამოძიებაც, ვინაიდან კომპანიამ თვითონ გვითხრა, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა,“- განაცხადეს შსს-ში.

ამის შემდეგ ნეტგაზეთი დაუკავშირდა მაგთიკომის პრესსამსახურს, სადაც დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებიათ და გვითხრეს, რომ ვიხელმძღვანელოთ მათ მიერ გავრცელებული განცხადებით, რომელშიც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საუბარია იმაზე, რომ კომპანიაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა:

“ჩვენ ვადასტურებთ იმას, იმ განცხადებას, რომელიც გავავრცელეთ. ჩვენი პოზიცია შეგიძლიათ აიღოთ და ნახოთ იმ განცხადებაში, რომელიც გავავრცელეთ დილით,” – უთხრეს “ნეტგაზეთს” მაგთიკომის პრესსამსახურში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი