უწყებათაშორისი კომისიის სხდომა. ფოტო: იუსტიციის სამინისტრო

მთავარი პროკურორის მოადგილე: საარჩევნო პერიოდში 47 საქმეზე დაიწყო გამოიძიება

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გაბიტაშვილის ინფორმაციით, საარჩევნო პერიოდში, ჯამში, 47 საქმეზე დაიწყო გამოძიება: აქედან ყველაზე მეტ – 21 საქმეს – თბილისში სწავლობენ. ქვემო ქართლის რეგიონში გამოძიება 7 საქმეზე მიმდინარეობს, შიდა ქართლში − 3 საქმეზე, დასავლეთ საქართველოში − 4 საქმეზე,  აჭარაში − 5 საქმეზე, სამეგრელოში − 2 საქმეზე, თბილისში − 21 საქმეზე, კახეთში − 1 საქმეზე, სამცხე-ჯავახეთში − 4 საქმეზე.
ანგარიშის თანახმად, 9 საქმეზე გამოძიება მტკიცებულების არარსებობის გამო შეწყდა, 3 საქმეზე კი მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ.

კომისიის წევრებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოვლენილი ტენდენციაც განიხილეს, რომელიც ე.წ. სამაგიდო სიებიდან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა თუ დამკვირვებელთა მიერ ამომრჩეველთა მონაცემების ამოწერას უკავშირდება. სხდომაზე  რეკომენდაციის მომზადებასა და გამოცემაზე შეთანხმდნენ, რომელშიც ნათლად ჩამოყალიბდება, რომ მსგავსი სიები არ უნდა იქნას გამოყენებული იმის გადასამოწმებლად, თუ ვინ დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებათაშორისი კომისია რეკომენდაციას დღის განმავლობაში გამოაქვეყნებს.

უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 30 ივნისის ბრძანებით შეიქმნა. მასში შედიან როგორც აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, ისე პროკურატურის, ცესკოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. წლევანდელი არჩევნების გარდა, კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი და გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც ფუნქციონირებდა. ჯამში, უწყებას 48 რეკომენდაცია აქვს შემუშავებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან