ახალი ამბები

რუსეთი Facebook-სა და Twitter-ს კუშნერის პარტნიორის საშუალებით აფინანსებდა-Paradise Papers

6 ნოემბერი, 2017 • 2091
რუსეთი Facebook-სა და Twitter-ს კუშნერის პარტნიორის საშუალებით აფინანსებდა-Paradise Papers

ვლადიმერ პუტინთან მჭიდროდ დაკავშირებული ორი რუსული სახელმწიფო კომპანია ჯარედ კუშნერის ბიზნესპარტნიორის საშუალებით Facebook-სა და Twitter-ს აფინანსებდა – ამის შესახებ “გარდიანი” გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

ჯარედ კუშნერი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძეა და თეთრ სახლში უფროსი მრჩევლის თანამდებობას იკავებს.

გარდიანის ცნობით, ინვესტიციები განხორციელდა რუსი მაგნატის, იური მილნერის საშუალებით, რომელიც ფლობს წილს კომპანიაში, რომლის თანამფლობელი ჯარედ კუშნერია. დაფინანსების წყაროები კი რუსული სახელმწიფო კომპანიები – VTB და გაზპრომი იყვნენ.

გაჟონილი დოკუმენტების თანახმად, 2011 წელს რუსულმა VTB-მ 191 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა Twitter-ში, დაახლოებით იმავე პერიოდში კი გაზპრომმა დააფინანსა ოფშორული კომპანია, რომელმაც თავის მხრივ დააფინანსა საინვესტიციო კომპანია, რომელიც 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით Facebook-ის აქციებს ფლობს.

როგორც “გარდიანი” წერს, ეს აღმოჩენა, სავარაუდოდ, აღძრავს შეშფოთებას აშშ-ის პოლიტიკაზე რუსეთის გავლენების თაობაზე და იმ როლზე, რაც სოციალურმა მედიამ 2016 წელს აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში ითამაშა. ასევე, წამოჭრის კითხვებს სოციალური მედიის კომპანიებისა და კუშნერის მისამართით.

ინვესტიციების შესახებ დეტალურად Paradise Papers-ში არის საუბარი. ეს არის მილიონობით გაჟონილ დოკუმენტი, რომელიც გარდიანმა, გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციამ (ICIJ) და სხვა პარტნიორებმა შეისწავლეს.

იური მილნერმა განაცხადა, რომ Facebook-მა და Twitter-მა არ იცოდნენ იმის შესახებ, რომ მათთან ინვესტიციებს რუსეთის მიერ კონტროლირებული VTB ბანკი და გაზპრომი ახორციელებდა. გარდიანის ცნობითვე, კუშნერის სპიკერმა კომენტარზე უარი განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი