ახალი ამბებიხელოვნება

ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა

6 ნოემბერი, 2017 • 7138
ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა

86 წლის ასაკში პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტროში ადასტურებენ.

ჯანსუღ ჩარკვიანმა, რომელმაც თსუ-ს ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა, პირველი ლექსი 1947 წელს გამოაქვეყნა, ხოლო პირველი წიგნი – “ერთი ღამის სიჩუმეში” – 1959 წელს.

1962-1963 წლებში ჟურნალ “ცისკრის” პასუხისმგებელი მდივანი იყო, 1963-1967 წლებში – ჟურნალ “დილის” მთვარი რედაქტორი, 1967-1977 წლებში – ჟურნალ “ცისკრის” მთავარი რედაქტორია, შემდეგ – ჟურნალ “დროშის” მთვარი რედაქტორი, გამომცემლობა “საბჭოთა საქართველოს” დირექტორი.

ის არის ავტორი წიგნებისა: “რწმენის კედელი” (1970), “დიდი ნათელი” (1980), “ერთტომეული” (1981), “რჩეული პოემები” (1983), “მე და შენ” (1984), “არცა ვმსახურობდე სხვას”! (1989), პუბლიცისტური წიგნი “თავისუფლება ლომთა ხვედრია”.

ჯანსუღ ჩარკვიანის მიერ თარგმნილია ტარას შევჩენკოს, კოროტიჩის, დრაჩის, ევტუშენკოს, ოკუჯავას, ვოზნესენსკის, ახმადულინას ლექსები.

1991-1993 წლებში გამოიცა მისი თხზულებათა ორტომეული. პოეტის ლექსები თარგმნილია  ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ესპანურ, პოლონურ და სხვა ენებზე.  მის ლექსებზე შექმნილია ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები.

1978 წელს მას გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია მიენიჭა, 1983-84 წლებში – გამოქვეყნებული ლექსების ციკლისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, 1998 წელს კი მიიღო შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია.

ჯანსუღ ჩარკვიანი იყო ღირსების ორდენის კავალერი. მას თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 1996 წელს მიენიჭა. 1995 და 1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი.

ჯანსუღ ჩარკვიანი. ფოტო: თსუ-ს ბიბლიოთეკა

მასალების გადაბეჭდვის წესი