ახალი ამბები

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ შენ, რა მსოფლმხედველობა გაქვს, მთავარია კანონმორჩილი იყო – კვეკვესკირი

5 ნოემბერი, 2017 • 3758
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ შენ, რა მსოფლმხედველობა გაქვს, მთავარია კანონმორჩილი იყო – კვეკვესკირი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ნიკოლოზ კვეკვესკირი გურამ კაშიას სოლიდარობას უცხადებს. მან ამ საკითხზე ტელეკომპანია რ2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

“მან ამით უთხრა არა ძალადობას, არა – ადამიანთა ჩაგვრას. მას არ აინტერესებს ადამიანის ორიენტაცია, კანის ფერი და ა.შ, ის უბრალოდ იმის მომხრეა, რომ ყველა თანასწორუფლებიანი იყოს. ჩემი აზრიც ისეთია, რომ თუ თანამედროვე სახელმწიფოს ვაშენებთ, რომელიც განვითარებისკენაა მიდრეკილი, ხალხიც ასე უნდა იყოს… არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ შენ, რა ხედვები და მსოფლმხედველობა გაქვს, მთავარია კანონმორჩილი იყო”, – განაცხადა კვეკვესკირმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის მატჩში მის გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა ისევე, როგორც სხვა კლუბების ლიდერები, რითაც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ამას არ ნანობს:

“მე მხარს ვუჭერ ადამიანის თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. მხარს ვუჭერ ადამიანს, რადგანაც ის არაფერს საზიანოს არ აკეთებს სხვების მიმართ. ეს არის ჩემი ხედვა. ჩემს ქვეყანაში რთულია აუხსნა ეს, რადგან ზოგიერთი ადამიანი ვერ იგებს, განსაკუთრებით, ფეხბურთის გულშემატკივრები. რამდენიმე ადამიანმა ღიად გამოხატა [კრიტიკა] ჩემი ფეისბუკის გვერდზე და არ ვაპირებ ყურადღება მივაქციო მათ. არ ვნანობ, რაც გავაკეთე. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხისმგებლობაა. მე არ მაღელვებს, ვინ ხარ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში, რამდენადაც სხვისთვის ზიანი არ მოგაქვს. იყავი ის, ვინც ხარ.”

შედეგად, ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ საზოგადოების ნაწილმა სოციალურ ქსელში ჰომოფობიური კამპანია წამოიწყო და მისი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვა. გურამს ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები, აქტივისტები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები და კოლეგები მხარდაჭერას უცხადებენ. კაშია არის პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც საჯაროდ გაბედა ლგბტ თემის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი