მოშიმშილე გიორგი ოქროპირიძის ოჯახი სასამართლო პროცესის გადადებას აპროტესტებს

გიორგი ოქროპირიძის საქმეზე დასკვნითი სხდომა 18 დღით გადაიდო, რასაც მსჯავრდებულის ოჯახის წევრები აპროტესტებენ, რადგანაც მათი თქმით, ოქროპირიძე შიმშილობის შეწყვეტას სასამართლო პროცესის გამართვამდე არ აპირებს.

გიორგი ოქროპირიძემ შიმშილობის დაწყების შესახებ 10 ოქტიმბრის სასამართლო პროცესზე განაცხადა. შიმშილობის დაწყების მიზეზად მან საქმის განხილვის გაჭიანურება, ასევე სასამართლოს მიმართ უნდობლობა დაასახელა და განაცხადა, რომ სამართლიან სასამართლოს ითხოვს.

როგორც ნეტგაზეთს მსჯავრდებულის დედამ, ცირა გოდერძიშვილმა განუცხადა, მთელი ეს პერიოდი გიორგი ოქროპირიძე, რომელიც ამჟამად სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებაშია შესახლებული, შიმშილობდა და მხოლოდ წყალს იღებდა. ნეტგაზეთმა ეს ინფორმაცია სასჯელაღსრულების სამინისტროში გადაამოწმა, სადაც დაგვიდასტურეს, რომ ოქროპირიძე მართლაც შიმშილობს და განაცხადეს, რომ ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

სასამართლო პროცესის 21 ნოემბრამდე გადადებას ცირა გოდერძიშვილი აპროტესტებს და აცხადებს, რომ ამდენი ხნით პროცესის გადადება ოქროპირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ბევრად დაამძიმებს.

“25 დღეა შიმშილობს და გაურკვეველია, დაუდგენელია, რა ვადით იდება პროცესი. ველაპარაკე მოსამართლის თანაშემწეს, რომელმაც მითხრა, 21 ნოემბრამდეო, რაც გავაპროტესტე იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, კიდევ 20 დღე რომ იშიმშილოს მომდევნო პროცესამდე, ეს უკვე წამება და არაადამიანური მოპყრობაა. ველაპარაკე ექიმს საავადმყოფოში და არ აპირებს შეწყვეტას. დღესაც მოიყვანეს მოშიმშილე სასამართლოში, ტყუილად ალოდინეს, თუ გადადებას აპირებდნენ, საერთოდ არ ჩაენიშნათ სხდომა. ვთხოვე თანაშემწეს, რომ მოსამართლეს გაეთვალისწინებინა მისი, როგორც მოშიმშილეს მდგომარეობა,”- გვეუბნება ცირა გოდერძიშვილი.

სასამართლო სხდომის გადადების შესახებ ცირა გოდერძიშვილმა მოსამართლის თანაშემწესთან დარეკვის შემდეგ შეიტყო. 3 ნოემბერს, 14:00 საათზე ჩანიშნული სხდომა მოსამართლეს არ გაუხსნია.

ნეტგაზეთს სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ამის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ ოქროპირიძის საქმეს წინ უსწრებდა სხვა საქმე, რომელზეც მოსამართლე სათათბირო ოთახში გავიდა და ამიტომ ვეღარ განიხილავდა სხვა საქმეებს, ვიდრე კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილებას არ გამოაცხადებდა.

“სათათბიროში გასვლა ნიშნავს, რომ იგი გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა და როდესაც მოსამართლე გასულია სათათბიროდ კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად, მის სახელზე აღრიცხული პროცესები აღარ ტარდება, ვიდრე ის არ მიიღებს გადაწყვეტილებას იმ საქმეზე, რაზეც სათათბიროშია,”- განმარტავენ საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში.

რაც შეეხება საკითხს, გაითვალისწინებდა თუ არასასამართლო სხდომის ამ ვადით გადადებისას  იქროპირიძის შიმშილობას, პრესსამსახურში განაცხადეს, რომ შიმშილობის შესახებ სასამართლოში ოფიციალური დოკუმენტი წარდგენილი არ არის:

“ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ გაჟღერებულა სასამართლოზე, რაიმე დოკუმენტი არ წარმოდგენილა, რომ იგი შიმშილობს” –  განაცხადეს სასამართლოს პრესსამსახურში.

ბათუმის ციხეში ყოფნის პერიოდში, სახალხო დამცველისადმი 2014 წლის 22 სექტემბერს მიცემული ახსნა-განმარტების გამო, გიორგი ოქროპირიძეს ბრალი თითქმის 9 თვის შემდეგ, 2015 წლის ივნისში წაუყენეს. ამ ახსნა-განმარტებაში, რომელიც პროკურატურამ “ცრუ დასმენად” შერაცხა, ოქროპირიძე აღწერდა, თუ როგორ აწამებდნენ. ორ წელიწადზე მეტია. სასამართლო ცრუ დასმენის საქმეს იხილავს.

პროკურატურის მიერ “ცრუ დასმენის” შესახებ ბრალის წაყენებას წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ 2015 წლის 5 ივნისს ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ოქროპირიძეს ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი ვერ გამოუტანეს. რამდენიმე დღეში ოქროპირიძეს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა ეწურებოდა და, შესაბამისად, მას საპატიმრო უნდა დაეტოვებინა. თუმცა 2 დღის შემდეგ, 8 ივნისს, მას პროკურატურამ “ცრუ დასმენის” შესახებ ბრალი წარუდგინა, სასამართლომ კი კვლავ შეუფარდა აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ნაფიცი მსაჯულების ახალმა შემადგენლობამ ოქროპირიძე დამნაშავედ ცნო ლაშა მახარაძის მკვლელობაში და სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ოქროპირიძე ამჟამად სასჯელს რუსთავის მე-6 დაწესებულებაში იხდის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი