ახალი ამბები

“გული მტკივა, რაც ხდება” – სალომე ღვინიაშვილმა ლგბტ ადამიანებს სოლიდარობა გამოუცხადა

3 ნოემბერი, 2017 • 16397
“გული მტკივა, რაც ხდება” – სალომე ღვინიაშვილმა ლგბტ ადამიანებს სოლიდარობა გამოუცხადა

მოდელი, დიზაინერი და სატელევიზიო წამყვანი სალომე ღვინიაშვილი ლგბტ ადამიანებს სოლიდარობას უცხადებს.

Mercedes Benz-ის მოდის კვირეულის ფარგლებში ჩატარებული ჩვენებისას, რომელიც 2 ნოემბერს გაიმართა, სალომე ღვინიაშვილი თავისი კოლექციის ჩვენების შემდეგ პოდიუმზე ლგბტ სიმბოლიკით გაწყობილი სამკაულით გავიდა. Mercedes Benz-ის მოდის კვირეული თბილისში 2-6 ნოემბერს იმართება.

როგორც დიზაინერმა ნეტგაზეთს უთხრა, ამ ნაბიჯით მან გამოხატა თავისი დამოკიდებულება ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების მიმართ და ლგბტ ადამიანებს სოლიდარობა გამოუცხადა.

“მე მგონი, კომენტარს აღარ საჭიროებს, ამით ყველაფერი ნათქვამია. გამოვხატე დამოკიდებულება დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება… [ეს ყველაფერი] მოჰყვა გურამ კაშიას გაკეთებულ სამკლაურს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, სამწუხაროდ. ვეხმაურები ამ მოვლენებს და, რა თქმა უნდა, ჩემს სოლიდარობას ვუცხადებ ასევე ლგბტ ადამიანებს… ეს იყო ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება ამ მოვლენების მიმართ. გული მტკივა, რაც ხდება დღეს”, – გვითხრა სალომე ღვინიაშვილმა.


საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის მატჩში მის გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა ისევე, როგორც სხვა კლუბების ლიდერები, რითაც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ამას არ ნანობს:

“მე მხარს ვუჭერ ადამიანის თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. მხარს ვუჭერ ადამიანს, რადგანაც ის არაფერს საზიანოს არ აკეთებს სხვების მიმართ. ეს არის ჩემი ხედვა. ჩემს ქვეყანაში რთულია აუხსნა ეს, რადგან ზოგიერთი ადამიანი ვერ იგებს, განსაკუთრებით, ფეხბურთის გულშემატკივრები. რამდენიმე ადამიანმა ღიად გამოხატა [კრიტიკა] ჩემი ფეისბუკის გვერდზე და არ ვაპირებ ყურადღება მივაქციო მათ. არ ვნანობ, რაც გავაკეთე. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხისმგებლობაა. მე არ მაღელვებს, ვინ ხარ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში, რამდენადაც სხვისთვის ზიანი არ მოგაქვს. იყავი ის, ვინც ხარ.”

შედეგად, ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ საზოგადოების ნაწილმა სოციალურ ქსელში ჰომოფობიური კამპანია წამოიწყო და მისი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვა. გურამს ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები, აქტივისტები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები და კოლეგები მხარდაჭერას უცხადებენ. კაშია არის პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც საჯაროდ გაბედა ლგბტ თემის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი