ოცამდე პარტია თბილისში ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გაბათილებას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლო ოცამდე ოპოზიციური პარტიის საჩივარს იხილავს. პარტიები 2017 წლის თბითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას ითხოვენ. მათი განცხადებით, ოქმები კანონის გვერდის ავლითაა შედგენილი, რადგან ცესკომ ოქმი საჩივრების განხილვის გარეშე შეადგინა.

გაერთიანებულ სარჩელს უერთდება “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობაც”. როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, თბილისში მხოლოდ მისმა პარტიამ 750 საჩივარი დაწერა თბილისში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელთა განხილვაც არ მომხდარა. შესაბამისად, პარტიები არჩევნების შედეგს ეჭვქვეშ აყენებენ, შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას და შედეგების გადათვლას ითხოვენ:

“ეს არის გაერთიანებული სარჩელი, რომელიც წარდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში და რომლითაც მოთხოვნილია საარჩევნო უბნებზე შედეგების გადათვლა. მხოლოდ 750 საჩივარი დაიწერა “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” მხრიდან თბილისში ჩატარებული არჩევნების შედეგბის მიხედვით. სულ წარდგენილია 2000-მდე საჩივარი, რომელიც განუხილველია დარჩენილი და ჩვენ ვასაჩივრებთ შემაჯამებელ ოქმს ქალაქ თბილისის შედეგებთან დაკავშირებით. დღევანდელ დღეზე არის დამოკიდებული მნიშვნელოვანწილად, როგორი იქნება შემდგომი დღის წესრიგი. 10 საარჩევნო სუბიექტი არის სარჩელის წარმდგენი, რომელიც 20 პარტიას მოიცავს” – ამბობს ლორთქიფანიძე.

არჩევნების შედეგების გადახედვას ითხოვს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც”. როგორც ნუგზარ წიკლაურმა ტელეკომპანია “იმედს” განუცხადა, პარტია ითხოვს თბილისის მერის და საკრებულოს პროპორციული არჩევნების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას:

“საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობდა ამომრჩეველზე თვალთვალი. იყო არათანაბარი გარემო, ადმინისტრაციული რესურსის არნახული მობილიზება როგორც არჩევნების დღეს, ისე წინასაარჩევნო პერიოდში.  მოვითხოვთ ცენტრალური საარჩევნო კომისიიის შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას, რომელიც ეხება თბილისის მერის და ასევე საკრებულოს პროპორციულ სიას. ცესკომ არ გაითვალისწინა საჩივრები, რომლებიც უბენბზე დაიწერა. შესაბამისად, კანონის გვერდის ავლით მიიღო შემაჯამებელი ოქმი” – ამბობს ნუგზარ წიკლაური.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი