ახალი ამბები

NATO-ს ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საფლაგმანო ხომალდი საქართველოშია

3 ნოემბერი, 2017 • 1959
NATO-ს ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საფლაგმანო ხომალდი საქართველოშია

შსს-ს ცნობით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საპორტო ვიზიტით, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საფლაგმანო ხომალდი „REGELE FERDINAND” და ნატოს საზღვაო შენაერთის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი შემოვიდა.

უწყების ცნობითვე, დღესვე ბათუმის პორტს ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ 2 ხომალდი ეწვევა.

დელეგაციას ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილე, ვიცეადმირალი ერვი ბლეჟონი ხელმძღვანელობს, რომელსაც საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შეხვდება. დელეგაციის წევრები საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრსაც ეწვევიან.

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 6 ნოემბრამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ, სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.

“აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას. შენაერთის ვიზიტი საქართველოში ალიანსის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. საქართველო ერთ-ერთია იმ 5 ქვეყანას შორის, რომელსაც ნატო, პარტნიორობის ურთიერთთავსობადობის ინიციატივის ფარგლებში, თანამშრომლობის გაღრმავების გაძლიერებულ შესაძლებლობებს სთავაზობს”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს.  SNMCMG2 ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში ოპერაცია „ზღვის მცველის“ მხარდაჭერას ახორციელებს და ხელს უწყობს ზღვაზე საერთაშორისო მიმოსვლის უსაფრთხოებას. ის ასევე წარმოადგენს ნატოს სწრაფი რეაგირების (NRF) საზღვაო კომპონენტს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერაციაში „ზღვის მცველი“ ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე მონაწილეობს. 2014 წლიდან ნატოს საზღვაო ძალების სარდლობაში, მეკავშირე ოფიცრის სახით, მივლენილია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი